საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრს მიმართავს

საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრს მიმართავს

საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრს ნატო-სა და ევროკავშირისთვის ერთობლივი მიმართვის გაგზავნის წინადადებით მიმართავს. 

როგორც მიხეილ სააკაშვილმა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ლინას ლინკევიჩუსი ამ თემაზე მთავრობასა და პრემიერს უკვე ესაუბრა.

"მინდა, დავადასტურო ჩვენი ძველი შეთავაზება, რომ მე და პრემიერმა ერთობლივი წერილით მივმართოთ ევროკავშირს და ნატო-ს, შიდა პოლიტიკური განსხვავებების მიუხედავად, ერთობლივი გეგმა გავწეროთ, რომ გვინდა გავაგრძელოთ ევროატლანტიკური და ევროპული ორიენტაციის კურსი. ჩვენი გუშინდელი შეხვედრა არ უნდა დარჩეს მხოლოდ შეხვედრად. მნიშვნელოვანია, გამოვიყენოთ ის, რომ რაღაც სახის დიალოგი აღდგა და არ დავკარგოთ დინამიკა ევროპულ ინსტიტუტებთან", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, თუ საქართველოს შიდა ვითარება ცუდად განვითარდა, ქვეყანა ნაკლები სტაბილურობისკენ წავიდა ან დემოკრატიულ ინსტიტუტებს საფრთხე შეექმნა, საქართველო ჩამორჩება იმ ტემპს, რომელიც ჰქონდა ევროპასთან ინტეგრაციის მიმართულებით, რაც არავის სურს.

"ეს არ უნდა უნდოდეს მთავრობას და, რა თქმა უნდა, ეს არ მინდა მე, რადგან ამ ყველაფერს მთელი წლები რუდუნებით ვაშენებდით. ახალმა მთავრობამ უნდა გააგრძელოს ის, რასაც ვაკეთებდით და ბევრი რამ უკეთესადაც გააკეთოს. მე მხოლოდ გამიხარდება. ამიტომ, ჩვენი ერთობლივი მიმართვა იქნება კარგი დემონსტრაცია იმისა, რომ ჩვენ ყველანი საქართველოს შვილები ვართ, გვაღელვებს საქართველოს მომავალი, გვინდა, ყველა ერთად დავეხმაროთ ხალხს, რისთვისაც ევროპისკენ სვლა ძალიან მნიშვნელოვანია. გვყავს ბევრი მეგობარი ევროპაში, რომელიც ამ გზაზე გვატარებს და ყველამ ერთად უნდა მივაღწიოთ გარკვეულ შედეგს. ვუბრუნდები ჩემს წინადადებას და ვფიქრობ, შევთანხმდებით, რომ ერთობლივად მივმართოთ ევროპულ ინსტიტუტებს, მიმართვას ორივემ მოვაწეროთ ხელი - პრემიერ-მინისტრმაც და მე, როგორც პრეზიდენტმა. ეს იქნება საქართველოს პოლიტიკური კლასის ერთოანობის დემონსტრაცია. ჩვენ გვინდა, ვიყოთ ევროპის ნაწილი, გვინდა ნატო-ში შესვლა და ყველა განსხვავებას გვერდზე გადავდებთ, როცა საქმე საქართველოს მომავალს და სტრატეგიულ ხედვას ეხება", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურმა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბიძინა ივანიშვილს და მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საგარეო კურსზე ერთობლივი განცხადების გაკეთება ურჩია, რაზეც პრემიერის თანხმობა უკვე არსებობს.