საფრანგეთის ელჩი - კითხვაზე, იძლევა თუ არა ENA იურიდიულ განათლებას, პასუხი არის დადებითი

საფრანგეთის ელჩი - კითხვაზე, იძლევა თუ არა ENA იურიდიულ განათლებას, პასუხი არის დადებითი

კითხვაზე, იძლევა თუ არა ENA იურიდიულ განათლებას, პასუხი არის დადებითი, - ამის შესახებ საფრანგეთის ელჩმა საქართველოში რენე სალენსმა განაცხადა.
მისივე თქმით, საფრანგეთის სახელმწიფო მართვის სკოლა (ENA) 1945 წელს დაარსდა და იგი ორ წელიწადში ამზადებს კადრებს მაღალი სახელმწიფო თანამდებობებისთვის.

"ეს არის სკოლა, რომელშიც ისწავლა საფრანგეთის სამმა პრეზიდენტმა, შვიდმა პრემიერ-მინისტრმა და ძალიან ბევრმა მინისტრმა, მათ შორის სამმა იუსტიციის მინისტრმა. ამ სკოლის დამთავრების შემდეგ სტუდენტები წყვეტენ, რომელ ადმინისტრაციაში გააგრძელებენ მუშაობას. როდესაც მე ვამბობ ადმინისტრაციას, ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ მათ შესაძლებლობა აქვთ, იმუშაონ იურისტებად. თუ კითხვა არის დასმული ასე - იძლევა თუ არა ENA იურიდიულ განათლებას, პასუხი არის დადებითი", - განაცხადა სალენსმა.
აღნიშნული განცხადება საფრანგეთი ელჩმა ტელეკომპანია "მე-9 არხთან" საუბრისას გააკეთა.

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განათლებაზე "ინტერპრესნიუსთან" დღეს კომენტარი საფრანგეთის საელჩოს პრესატაშე ქსავიერ როუარდმაც გააკეთა. მისი თქმით, საფრანგეთის სახელმწიფო მართვის სკოლის (ENA) დიპლომირებულ პირს აქვს იურიდიული განათლება.

მისივე განმარტებით, ამის დამადასტურებელი საუკეთესო მაგალითი ის არის, რომ ENA -ს საუკეთესო კურსდამთავრებულები მუშაობენ საფრანგეთის სახელმწიფო საბჭოში, რომელიც ადმინისტრაციული მართლმსაჯულების უმაღლესი ორგანოა.

"ისინი მუშაობენ კონტროლის პალატაში, რომელიც სასამართლო ორგანოა, ასევე იმ ინსტიტუტებში, სადაც საჭიროა იურიდიული განათლება. თეა წულუკიანმა შეძლო მუშაობის დაწყება ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში. ამიტომაც, ვადასტურებ, რომ, როგორც ENA-ს ყველა კურსდამთავრებულს, ქალბატონ თეა წულუკიანს აქვს იურიდიული განათლება", - აღნიშნა ქსავიერ როუარდმა.
წულუკიანის განთლებასთან დაკავავშირებით ბოლო პერიოდში ოპოზიციის მხრიდან გაკეთდა განცხადებები, რომ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს არ აქვს იურიდიული განათლება და, შესაბამისად - უფლება, იყოს იუსტიციის მინისტრი.

გარდა ამისა, იურიდიულ განათლებასთან დაკავშირებით სიუჟეტი მოამზადა "საზოგადოებრივმა მაუწყებელმაც".
სიუჟეტის თანახმად, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია. აღნიშნულ ინფორმაციას ტელეკომპანიას თსუ-ს სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსი დალი კანდელაკი უდასტურებს.

კერძოდ, იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, თეა წულუკიანმა 1997 წელს წარმატებით დაამთავრა თსუ-ს საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, თუმცა, როგორც დალი კანდელაკი აცხადებს, აღნიშნული ფაკულტეტი ორი სხვადასხვა სპეციალობის ადამიანებს ამზადებს.
მისივე განმარტებით, უნივერსიტეტის არქივში დაცული დიპლომის თანახმად, საგამოცდო კომისიამ თეა წულუკიანს საერთაშორისო ურთიერთობების მცოდნის კვალიფიკაცია მიანიჭა, სპეციალობით - საერთაშორისო ურთიერთობები.

ამასთან, იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, თეა წულუკიანმა 2000 წელს დაამთავრა საფრანგეთის სახელმწიფო მართვის სკოლა (ENA) და დაიცვა მაგისტრის ხარისხი საჯარო ადმინისტრაციაში.