პანტომიმის თეატრის შენობა, ე.წ. კაზარიანცის სახლი ერთ ლარად გაიყიდა

პანტომიმის თეატრის შენობა, ე.წ. კაზარიანცის სახლი ერთ ლარად გაიყიდა

პანტომიმის თეატრს ქუჩაში დარჩენა ემუქრება, რადგან რუსთაველის #37-ში მდებარე ე.წ. კაზარიანცის სახლი, რომელშიც 30 წელია თეატრია განთავსებული, ერთ ლარად არის გაყიდული , - ამის შესახებ დღეს თეატრის დამფუძნებელმა ამირან შალიკაშვილმა დასის წარმომადგენლებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

შალიკაშვილის თქმით, თეატრის შენობის გაყიდვის შესახებ მათთვის არავის უცნობებია. მისი განცხადებით, დაახლოებით 2-3 თვის წინ თეატრის ანგარიშზე გადაირიცხა 100 000 ლარი. თეატრის ხელმძღვანელობამ ვერ შეძლო დაედგინა, თუ ვისგან ან რა მიზნით იყო მათთვის გადარიცხული ფული და თანხა ისევ უკან დააბრუნეს, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ 100 000 ლარი ისევ მათ ანგარიშზე დაჯდა.

შალიკაშვილის თქმით, დახლოებით ერთი კვირის წინ, ეკონომიკის სამინისტროში მათ გაარკვიეს, რომ პანტომიმის თეატრის შენობა საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 31 აგვისტოს განკარგულებით პირდაპირი მიყიდვის წესით შპს "ახალმა ოფისმა" ერთ ლარად შეიძინა. მისი ცნობით, კომპანიამ ინვესტივიის სახით 2 000 000 ლარი უნდა განახორციელოს. ამასთან, პრესკონფერენციაზე ნასყიდობის ხელშეკრულებაც წარმოადგინეს, რომელიც ავალდებულებს შპს "ახალ ოფისს", პანტომიმის თეატრს 100 ათასი ლარი გადაურიცხოს. მისი თქმით, ეს თანხა მათ დღესაც ხელუხლებლად უდევთ ანგარიშზე. შალიკაშვილი აცხადებს, რომ პანტომიმის თეატრმა შენობა 2014 წლის 31 დეკემბერს უნდა დატოვოს.

თეატრის დამფუძნებლის თქმით, მომხდარის შესახებ მათ აცნობეს თბილისის კულტურის საქალაქო სამსახურს, რომლის ბალანსზეც არის თეატრი. მერიიდან კი, მათ მიიღეს ინფორმაცია, რომ ალექსანდროვის ბაღში თეატრისთვის გამოყოფილია 919 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი.

პანტომიმის თეატრის დასი და ხელმძღვანელობა მომხდარს დაუშვებლად მიიჩნევს და დახმარებას ითხოვენ.