პროფკავშირები მხარს უჭერს

პროფკავშირები მხარს უჭერს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" თანამშრომლების პროტესტს

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება "საზოგადოებრივ მაუწყებელში" მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. 

როგორც პროფესიული კავშირების გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გაერთიანება ყურადღებით აკვირდება პროცესებს, რომელიც "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გარშემო ვითარდება.

"ჩვენ მხარს ვუჭერთ თანამშრომლების პროტესტს, რომლებიც "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ბორდს უნდობლობას უცხადებენ და მათთან ერთდ მოვითხოვთ უზრუნველყოფილ იქნას მათი მშვიდ გარემოში მუშობა, მიეცეთ მათ კომპეტენციების სრულად გამოვლენის შესაძლებლობა და შემოქმედებითი თავისუფლება.

მიგვაჩნია, რომ განვითარებული სიტუაციით არ უნდა დაზარალდნენ თანამშრომლები და მათი შრომითი უფლებები ბოლომდე უნდა იყოს დაცული.

ვითარების ამ კონდიციაში გადასვლა მოსალოდნელი იყო და პროფკავშირებს ამაზე არაერთხელ უსაუბრია. ჩვენ პროტესტს გამოვთქვამდით მაშინ, როდესაც ბორდი იქმნებოდა ისეთივე მეთოდებითა და იმავე ინტერესების გათვალისწინებით, როგორც იქმნებოდა შრომის კოდექსი, ჯანდაცვის, განათლების რეფორმები. ბორდის შემდგენლობას წყვეტდა ერთი ადამიანი, ზუსტად ისე, როგორც წყვეტდა, თუნდაც იმას ვინ რა სამოსში უნდა გამოსულიყო კონცერტზე.

სამწუხაროდ, "საზოგადოებირივი მაუწყებლის" ბორდის დაკომპლექტებისას, ბევრი საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელს, ვინც არსებული ბორდის წევრებზე მეტად გამოხატავს საზოგადოების ინტერესებს, მათ შორის პროფკავშირების გაერთიანების წარმომადგენლებს, სურვილის მიუხედავად არ მიეცათ უფლება ყოფილყვნენ ამ სტრუქტურაში და აქტიურად ჩართულიყვნენ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" მუშაობაში. მათ ნაცვლად, ბორდის წევრებად ჩვენ ისეთი ანგაჟირებული ადამიანები მოგვევლინენ, როგორებიც თუნდაც გიგა ნასარიძე და გიორგი მელაძე არიან. ისინი კონკრეტული ადამიანის აზრს გამოხატავენ და არა საზოგადოების", - აცხადებენ პროფკავშირებში.

დასაქმებულების ინტერესებიდან გამომდინარე, პროფკავშირები მოუწოდებენ საზოგადოებას, რომ ყველა კანონიერ გზას მიმართოს ბორდის დასათხოვნად და "საზოგადოებრივი მაუწყებლის" თანამშრომელთა უფლებების დასაცავად, "რომლებზეც დღემდე ჯერ კიდევ მოქმედ ბორდს არასდროს უზრუნია და მათი ინტერესები არასდროს გაუთვალისწინებია".

"მიგვაჩნია, რომ ეს საკითხიც პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რადგან დარწმუნებულნი ვართ თანამშრომელთა ერთობა ამას შეძლებს და მოვუწოდებთ საზოგადოებას დღესვე დაიწყოს ფიქრი "საზოგადოებირივ მაუწყებლის" ისეთი ბორდის ჩამოყალიბებაზე, რომელიც რეალურად გამოხატავს საზოგადოების ინტერესებს და მაუწყებლის ყურადღებას შეაჩერებს იმ პრიორიტეტებზე რაც საზოგადოებას გააჩნია",-აღნიშნულია განცხადებაში.