გიორგი მელაძე - დაპირისპირების ფორმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სტანდარტისთვის შესაბამისი არ იყო

გიორგი მელაძე - დაპირისპირების ფორმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სტანდარტისთვის შესაბამისი არ იყო

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის, გიორგი მელაძის განცხადებით, საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსის, ხათუნა ბერძენიშვილისა და მაუწყებლის ასევე ყოფილი გენერალური დირექტორის, გიროგი ბარათაშვილის დაპირსპირების ფორმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სტანდარტისთვის შესაბამისი არ იყო. 

"ლოგიკურად ჩანდა, რომ რა ფორმითაც მიმდინარეობდა დაპირისპირებისა და კინკლაობის პროცესი, საზოგადოებრივი მაუწყებლის მაღალი სტანდარტებისთვის შესაბამისი არ იყო", - განმარტა მელაძემ დღეს, "პრაიმა ტაიმში" გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში მაუწყებლის მიმართ ხშირად ხდებოდა აგრესიული ზეწოლა.

"ტელევიზორს ყველა ვუყურებთ, საქმის კურსში ვართ, რა ხდება, პოლიტიკოსების განწყობები როგორია. საზოგადოებრივ მაუწყებელს უწევს აბობოქრებული პოლიტიკური ისტერიის ფონის გატანა. ხშირად საზოგადოებრივი მაუწყებელი წვრილმანი კინკლაობის საგანი ხდება. ე.წ. მედიაექსპერტების მხრიდან ხდება დაინტერესების საგანი, რომლებსაც შეიძლება კერძო ინტერესი ჰქონდეთ მაუწყებლის მიმართა", - აღნიშნა მელაძემ.

მისივე თქმით, მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი გამოყენებულია როგორც სამეურვეო საბჭოზე ზეწოლის ფორმა. მელაძის განმარტებით არსებული მოდელი პრობლემური არ არის.

ამასთან, მელაძემ დასძინა, რომ თავის დროზე მხარი დაუჭირა გენერალური დირექტორის პოსტზე გიორგი ბარათაშვილის არჩევას, მისი გამოცდილებიდან და ნეიტრალიტეტიდან გამომდინარე, თუმცა გუშინ ასევე ხმა მისცა მის გათავისუფლებას.

მელაძის ინფორმაციით, სამეურვეო საბჭოს 9 წევრმა გენერალური დირექტორის გათავისუფლებას მხარი დაუჭირა, ორმა კი ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.