ქართულ მხარეს მელნიკოვის ექსტრადირებაზე ნებართვა ჯერ არ მიუღია

ქართულ მხარეს მელნიკოვის ექსტრადირებაზე ნებართვა ჯერ არ მიუღია

ქართულმა მხარემ შსს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, ოლეგ მელნიკოვის უკრაინიდან საქართველოსთვის ექსტრადირებისთვის საჭირო პროცედურები დაასრულა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ჩილინგარაშვილმა განუცხადა.

მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე ქართული მხარე უკრაინული მხარის პასუხის მოლოდინშია.

"ჩვენი მხრიდან ყველაფერი გაკეთებულია, რისი გაკეთებაც სავალდებულო იყო. ყველა დოკუმენტი უკრაინული მხარისთვის უკვე მიწოდებულია. ახლა ველოდებით ოფიციალურ ნებართვას, რაც ჯერ არ მიგვიღია, შესაბამისად, ვერ ვახორციელებთ მელნიკოვის საქართველოში ეტაპირებას. როგორც კი უკრაინული მხარე მოგვაწვდის ოფიციალურ წერილს, სადაც მიუთითებს, რომ უკვე შეგვიძლია მისი საქართველოში გადმოყვანა, ჩვენ დაუყოვნებლივ ვუზრუნველყოფთ ექსტრადირებას", - აღნიშნა ჩილინგარაშვილმა.

შსს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ოლეგ მელნიკოვი, რომელზეც ქართულ მხარეს ძებნა ჰქონდა გამოცხადებული გასული წლის 7 დეკემბერს, უკრაინელმა სამართალდამცველებმა კიევში დააკავეს. ამ დროისთვის მას წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ქართული მხარე მელნიკოვის სამშობლოში ექსტრადიციას ითხოვს. აღსანიშნავია, რომ მისი ადვოკატის მტკიცებით, საქართველოში ექსტრადიცია თავად მელნიკოვსაც სურს.