ხარკოვში საქართველოს საპატიო საკონსულო გაიხსნება

ხარკოვში საქართველოს საპატიო საკონსულო გაიხსნება

მიმდინარე წელს ხარკოვში საქართველოს საპატიო საკონსულო გაიხსნება. ამის შესახებ უკრაინული სააგენტო ForUm წერს, რომლის ინფორმაციით , ამის შესახებ დონეცკში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ზურაბ კვაჭაძემ ხარკოვში სამუშაო ვიზიტისას განაცხადა. 

ვიზიტის ფარგლებში კვაჭაძე ხარკოვის მერს გენადი კერნესს შეხვდა. შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს მომავალი თანამშრომლობის საკითხები ხარკოვსა და მასთან დამეგობრებულ ქალაქებს - თბილისსა და ქუთაისს შორის.

"ერთი წლის წინ საქართველომ წარადგინა თავისი კანდიდატი საპატიო კონსულის თანამდებობაზე. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ყველა პროცედურა, რომელიც უკრაინის კანონმდებლობითაა გათვალისწინებული, დაცული იქნება და ამ წელს ჩვენ უკვე გავხსნით საპატიო საკონსულოს. ჩვენთვის ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან თქვენს ქალაქში ჩვენი ინტერესები, ასევე შორს მიმავალი გეგმები გვაქვს და ამ გეგმების რეალიზაციისთვის საპატიო საკონსულოს არსებობა აუცილებელია"-განაცხადა კვაჭაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ საქართველო გეგმავს ითანამშრომლოს ხარკოვთან განათლების, ეკონომიკის და ჰუმანიტარულ სფეროებში.