ალექსი პეტრიაშვილი ნორვეგიის საგარეო საქმეთა ინსტიტუტში სიტყვით გამოვიდა

ალექსი პეტრიაშვილი ნორვეგიის საგარეო საქმეთა ინსტიტუტში სიტყვით გამოვიდა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა ნორვეგიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა ნორვეგიის საგარეო საქმეთა ინსტიტუტში (NUPI) გამართა. 

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, სემინარს - "საქართველო 2012 წლის არჩევნების შემდეგ-გეოპოლიტიკური არჩევანი" - ოსლოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, კვლევითი ცენტრებისა და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ალექსი პეტრიაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და იმ საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტებზე და გამოწვევებზე ისაუბრა, რომლის წინაშეც საქართველო 2012 წლის არჩევნების შემდეგ დადგა.

სახელმწიფო მინისტრმა ნორვეგიის არასამთავრობო ორგანიზაციების, კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებისა და ჟურნალისტების წინაშე გამოსვლისას განაცხადა, რომ ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანება ახალი მთავრობის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტად რჩება.

ალექსი პეტრიაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს გაწევრიანების კუთხით ხელისუფლების მიერ დაგეგმილი ღონისძიებების თაობაზე. აგრეთვე, სახელმწიფო მინისტრმა რუსეთ-საქართველოს შორის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისათვის ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და ჟენევის ფორმატის, როგორც მოლაპარაკებების უმთავრესი მექანიზმის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. სიტყვით გამოსვლის შემდეგ სახელმწიფო მინისტრმა შეხვედრის მონაწილეების შეკითხვებს უპასუხა.
ნორვეგიის სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ალექსი პეტრიაშვილს დაგეგმილი აქვს მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები ნორვეგიის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებთან, ასევე, ნორევეგიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობებისა და თავდაცვის კომიტეტების წევრებთან.