თეა წულუკიანის იურიდიულ განათლებასთან დაკავშირებით საფრანგეთის საელჩომ განცხადება გააკეთა

თეა წულუკიანის იურიდიულ განათლებასთან დაკავშირებით საფრანგეთის საელჩომ განცხადება გააკეთა

საფრანგეთის სახელმწიფო მართვის სკოლის (ENA) დიპლომირებულ პირს აქვს იურიდიული განათლება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოში საფრანგეთის საელჩოს პრესატაშემ , ქსავიერ როუარდმა განუცხადა. 

მისივე განმარტებით, ამის დამადასტურებელი საუკეთესო მაგალითი ის არის, რომ ENA -ს საუკეთესო კურსდამთავრებულები მუშაობენ საფრანგეთის სახელმწიფო საბჭოში, რომელიც ადმინისტრატიული მართლმსაჯულების უმაღლესი ორგანოა.

"ისინი მუშაობენ კონტროლის პალატაში, რომელიც სასამართლო ორგანოა, ასევე იმ ინსტიტუტებში, სადაც საჭიროა იურიდიული განათლება. თეა წულუკიანმა შეძლო მუშაობის დაწყება ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში. ამიტომაც, ვადასტურებ, რომ, როგორც ENA-ს ყველა კურსდამთავრებულს, ქალბატონ თეა წულუკიანს აქვს იურიდიული განათლება", - აღნიშნა ქსავიერ როუარდმა.

წულუკიანის განთლებასთან დაკავავშირებით ბოლო პერიოდში ოპოზიციის მხრიდან გაკეთდა განცხადებები, რომ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს არ აქვს იურიდიული განათლება და, შესაბამისად - უფლება, იყოს იუსტიციის მინისტრი.

გარდა ამისა, იურიდიულ განათლებასთან დაკავშირებით სიუჟეტი მოამზადა "საზოგადოებრივმა მაუწყებელმაც".

სიუჟეტის თანახმად, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია. აღნიშნულ ინფორმაციას ტელეკომპანიას თსუ-ს სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსი დალი კანდელაკი უდასტურებს.

კერძოდ, იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, თეა წულუკიანმა 1997 წელს წარმატებით დაამთავრა თსუ-ს საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, თუმცა, როგორც დალი კანდელაკი აცხადებს, აღნიშნული ფაკულტეტი ორი სხვადასხვა სპეციალობის ადამიანებს ამზადებს.

მისივე განმარტებით, უნივერსიტეტის არქივში დაცული დიპლომის თანახმად, საგამოცდო კომისიამ თეა წულუკიანს საერთაშორისო ურთიერთობების მცოდნის კვალიფიკაცია მიანიჭა, სპეციალობით - საერთაშორისო ურთიერთობები.

ამასთან, იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, თეა წულუკიანმა 2000 წელს დაამთავრა საფრანგეთის სახელმწიფო მართვის სკოლა (ENA) და დაიცვა მაგისტრის ხარისხი საჯარო ადმინისტრაციაში.