საზმაუწყებლის თანამშრომლების ნაწილი სამეურვეო საბჭოს უნდობლობას უცხადებს

საზმაუწყებლის თანამშრომლების ნაწილი სამეურვეო საბჭოს უნდობლობას უცხადებს

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ნაწილი სამეურვეო საბჭოს უნდობლობას უცხადებს. როგორც არხის თანამშრომლებმა საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადეს, მათ მაუწყებელში
შექმნილი ვითარების შესახებ განცხადების გაკეთება "პირველი არხის" ეთერით, დავით პაიჭაძის გადაცემაში სურდათ, თუმცა, ამის საშუალება არ მიეცათ.

გადაცემა "სამოთხის ვაშლების" პროდიუსერის, გოგა ჩართოლანის განმარტებით, სრულიად გაუგებარია ის პუნქტები, რის გამოც სამეურვეო საბჭომ გიორგი ბარათაშვილის გენერალური დირექტორობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. მისივე თქმით, თანამშრომლების უმრავლესობისთვის გაუგებარია, რაში მდგომარეობს კრიზისი. ჩართოლანის მტკიცებით, ამ ეტაპზე კრიზისი გენერალურ დირექტორს ნამდვილად არ შეუქმნია.

"თუ კრიზისული იყო გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობდა თანამშრომლის ერთი თანამდებობიდან მეორე თანამდებობაზე გადაყვანას, არ ვიცი თუ შეიძლება ეს იყოს, მით უფრო პოლიტიკური კრიზისის საფუძველი. როდესაც დაიწყო გარკვეული ცვლილებები საზოგადოებრივ მაუწყებელზე და როდესაც ბევრ თანამშრომელს არა თუ გადაადგილება, არამედ თანამდებობის დატოვება მოუწია, მაშინ, როგორც ჩანს, ეს კრიზისი არ გამოიკვეთა და გამოიკვეთა ახლა, როდესაც მოხდა ერთი კონკრეტული, საკმაოდ კარგი შეთავაზება",- აღნიშნა ჩართოლანმა.

ამასთან, საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის პროდიუსერის, დოდო შონავას თქმით, რეორგანიზაციის შედეგად არხი არაერთმა თანამშრომელმა დატოვა, თუმცა, არც ერთ მათგანზე სამეურვეო საბჭოს გენარალური დირექტორისგან ანგარიში არ მოუთხოვია და ვნებათაღელვის მიზეზი მხოლოდ ერთი საკადრო გადაწყვეტილება გახდა. მისივე თქმით, თანამშრომლების ნაწილს სურდა დავით პაიჭაძის გადაცემაში სამეურვეო საბჭოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილების გამო, მაუწყებელში შექმნილი პრობლემების შესახებ ესაუბრათ.

"ჩვენ აღარ გვინდა კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი საზოგადოებრივი მაუწყებელი, ჩვენ გვინდა სიმშვიდე, ჩვენ გვინდა მომავალზე ორიენტირებული გუნდი. გუნდი, რომელიც შედგება გულშემატკივრებისგან და არა ისეთი ჟურნალისტებისგან, რომლებიც ეთერში არ საუბრობენ ამ პრობლემებზე, კერძოდ, ამ შემთხვევაში დავით პაიჭაძე მყავს მხედველობაში. მან თქვა, რომ ეს არ არის საზოგადოებისთვის საინტერესო თემა", - აღნიშნა დოდო შონავამ.

პირველი არხის წამყვანის, ნინო ზაუტაშვილის თქმით კი, ბორდმა არსწორი გადაწყვეტილება მიიღო. "2007 წლის 7 ნოემბერს, როდესაც "იმედი"დაარბიეს, მაშინ მე ჩემს კოლეგებს ვუთხარი, ფრთხილად იყავით, ეს ყველაფერი შეიძლება მოხდეს თქვენთანაც. დღესაც გაფრთხილებთ, ფრთხილად იყავით ეს ყველაფერი შეიძლება მოხდეს თქვენთანაც. ამიტომ საზოგადოებრივი ცნობიერება უნდა ამაღლდეს და ეს ყველაფერი უნდა დაიწყოს ზუსტად აქედან, ზუსტად დღეიდან. ჩვენ ან დავიხოცებით ან ყველაფერს გავაკეთებთ ისე, როგორც წესი და რიგია", - განაცხადა ზაუტაშვილმა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ნაწილი პარლამენტს მიმართავს, რომ "ეს ტელევიზია ერთხელ და სამუდამოდ ჩადგეს საზოგადოების სამსახურში".