მიხეილ სააკაშვილი:  ვაპირებ, ბობოყვათის რეზიდენცია მთავრობას ჩავაბარო

მიხეილ სააკაშვილი: ვაპირებ, ბობოყვათის რეზიდენცია მთავრობას ჩავაბარო

ვაპირებ, ბობოყვათის რეზიდენცია მთავრობას ჩავაბარო. ნამდვილად არ ვაპირებ, რომ აქ ჩემთვის რაღაცა მოვიწყო, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში საზაფხულო თეატრში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, ის, რაც კეთდებოდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მისი ხუშტურები არ ყოფილა. სააკაშვილის განმარტებით, უნდა დასრულდეს საუბარი იმის შესახებ, რომ კონცერტებს პრეზიდენტი თავისთვის ატარებდა.

"აქამდე ყველას ეგონა, რომ მესტიაში რაც კეთდებოდა, ბათუმში რაც კეთდება, ანაკლიაში, ახალციხეში რაც კეთდება, ყველაფერი ეს არის ვიღაცის აკვიატება და ეს ყველაფერი თურმე, ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავაჩეროთ. ვაპირებ, ბობოყვათის რეზიდენცია დავუბრუნო მთავრობას. ვაპირებ, რომ აქ ცოტა ვიარო და პრაქტიკულად აღარ ვიარო. მინდა, ბათუმელებმაც დაიჯერონ, სააკაშვილის ხუშტურები კი არ ყოფილა - სააკაშვილმა აი, თავისთვის მოიწყო კონცერტები, თავისთვის ჩამოიყვანა ბოჩელი, სტინგი, გაერთო და აი ნახე, ყველაფერს იკეთებდა თავისთვის. ეს უნდა დასრულდეს", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტის შეფასებით, "ბათუმი გახდა მსოფლიო ბრენდი". მისივე თქმით, ყველა არის აღტაცებული და აღფრთოვანებული თეატრებისა და მუზეუმების მშენებლობით. სააკაშვილის განცხადებით, მისი მთავრობის მიერ აშენებულ შენობებში პრესკონფერენციები ტარდება, სადაც ყვებიან, თუ როგორ ცუდად და უხარისხოდ კეთდებოდა ყველაფერი.

"მთელი ეს პერიოდი მესმის, რომ ჩვენს მიერ აშენებულ შენობებში ატარებენ პრესკონფერენციებს და თურმე ყვებიან, როგორ ცუდად და უხარისხოდ იყო ყველაფერი. როგორ ყველას პასუხი უნდა მოსთხოვონ, როგორ აქვს თეატრს ხარვეზები. მოდით, ამის მეასედი ააშენეთ და მერე აწარმოეთ ეს უაზრო ლაპარაკი, რომ რაღაც არ მოწონთ და რაღაც ცუდად გაკეთდა", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. მისივე თქმით, რამდენიმე შენობა დარჩა გასახსნელი, რომელთა მშენებლობაც ახლო ხანში დასრულდება.