ფინანსურ ამნისტიასთან დაკავშირებით პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივას ხვალ პარლამენტის კომიტეტებში განიხილავენ

ფინანსურ ამნისტიასთან დაკავშირებით პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივას ხვალ პარლამენტის კომიტეტებში განიხილავენ

სამეწარმეო, ფინანსურ-ეკონომიკური დანაშაულების ამნისტირებისა და ასეთ დანაშაულთა დეკრიმინალიზაციის თაობაზე პრეზიდენტის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს ხვალ პარლამენტის კომიტეტებში განიხილავენ. 

"ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ"" კანონპროექტი და მასთან ერთად "სისხლის სამართლის კოდექსში", "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში", "საგადასახადო კოდექსში", "ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსსა" და "სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ"" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტების განხილვა ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ საკითხთა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების ხვალინდელი სხდომის დღის წესრიგში ჩაინიშნა.

"ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების და ქონების ლეგალიზაციის შესახებ" კანონპროექტით მიხეილ სააკაშვილი გამოდის ინიციტივით, რომ შეწყდეს აღძრული სისხლის სამართლის საქმეები იმ პირთა მიმართ და სასჯელისგან ის მსჯავრდებულები გათავისუფლდნენ, რომლებმაც 2013 წლის 1-ელ იანვრამდე ჩაიდინეს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე, 192/1, 193-ე, 194-ე, 194/1, 195/1, 196-ე მუხლებით, 197-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 197/1, 199-ე, მე-200-200/6, 201-ე, 205/1, 210-ე, 211-ე, 216-ე, 218-ე, 219-ე, 220-ე, 220/1, 221-ე მუხლებით, 214-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით და ამ ნაწილებთან დაკავშირებით 214-ე მუხლის მე-5 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულები.

პრეზიდენტის ამ ინიციატივის ფარგლებში ასევე დგინდება არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და დაფარული ქონების (შემოსავლის) დეკლარირება-ლეგალიზაციის წესები. კერძოდ, აღნიშნული კანონის ამოქმედებისთანავე შესრულებულად უნდა ჩაითვალოს საქართველოს რეზიდენტი და არარეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ 2013 წლის 1-ელ იანვრამდე წარმოშობილი ან შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულებები და არ განხორციელდეს მათ მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა, ადმინისტრაციული ან კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის სამართალწარმოება. პროექტის გათვალისწინებით, მაკონტროლებელ და სამართლდამცავ ორგანოებს ეკრძალებათ ზემოთ აღნიშნულ გადასახდელებთან დაკავშირებით ნებისმიერი ფორმით რევიზიის (კონტროლი, შესწავლა, გადამოწმება) განხორციელება. რაც შეეხება დაფარული ქონების (შემოსავალი) დეკლარირება-ლეგალიზაციასთან დაკავშირებით პრეზიდენტის შეთავაზებას, მის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, პირის ქონებრივი მდგომარეობის ლეგალიზაცია მის მიერ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირების გზით განხორციელდება.

პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის შეთავაზებული სამეწარმეო-ფინანსური ამნისტირების ფარგლებში აღსანიშნავია კანონპროექტის გარდამავალ დებულებებში ჩადებული ჩანაწერი, რომლის თანახმადაც, შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებათა თანამდებობის პირები ვალდებულნი არიან, კანონით გათვალისწინებულ პირთა წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, მოთხოვნიდან სამი დღის ვადაში, გაანადგურონ ან დეკლარანტს უკენ დაუბრუნონ კანონის ამოქმედებამდე წარდგენილი და შესაბამის დაწესებულებებში შენახული დეკლარაციები და შემოწმებასთან დაკავშირებული დოკუმენტები. დეკლარანტს ასევე უფლება აქვს გაანადგუროს მის ხელთ არსებული შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაცია.

გარდა ამისა, პრეზიდენტი პარლამენტს "სისხლის სამართლის კოდექსიდან" ეკონომიკურ-სამეწარმეო დანაშაულებთან დაკავშირებული რიგი მუხლების ამოღებას სთავაზობს. მიხეილ სააკაშვილი ცალეკულ ეკონომიკურ დანაშაულებთან დაკავშირებით თავისუფლების აღკვეთის გაუქმებისა და სასჯელის სახით მხოლოდ ჯარიმის ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის გამოყენების წინადადებით გამოდის. პრეზიდენტი რიგ დანაშაულებზე თავისუფლების აღმკვეთი ღონისძიებების შემსუბუქებასაც ითხოვს და პარლამენტს არსებული სასჯელების შემცირებას მთელ რიგ მუხლებზე სთავაზობს.