მაია ფანჯიკიძე ადასტურებს, რომ მთავრობასა და პრეზიდენტს შორის საგარეო პოლიტიკურ კურსთან მიმართებაში განცხადებები არ არის შეთანხმებული

მაია ფანჯიკიძე ადასტურებს, რომ მთავრობასა და პრეზიდენტს შორის საგარეო პოლიტიკურ კურსთან მიმართებაში განცხადებები არ არის შეთანხმებული

საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ადასტურებს, რომ მთავრობასა და პრეზიდენტს შორის საგარეო პოლიტიკურ კურსთან მიმართებაში განცხადებები არ არის შეთანხმებული. 

როგორც თავის ლიტველ კოლეგა ლინას ლინკევიჩუსთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, საგარეო კურსთან მიმართებაში განცხადებები შეთანხმებულია მთავრობის შიგნით უწყებებს შორის, მაგრამ არ არის შეთანხმებული პრეზიდენტთან, რის გამოც არის განსხვავებები. "ამის გამო ძალიან ხშირად შექმნილა ძალიან უხერხული მდგომარეობა", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.

ის ასევე გამოეხმაურა დღეს პრეზიდენტისა და პრემიერის შეხვედრას და დადებით მოვლენად შეაფასა. ამასთან, მაია ფანჯიკიძემ აღნიშნა, რომ მას ჯერ არ ჰქონია საშუალება გაცნობოდა შეხვედრის შემდეგ განცხადებას გამომდინარე იქიდან, რომ დღეს უწყებას მაღალი რანგის სტუმარი სტუმრობდა.

"თუმცა, მიმაჩნია, რომ საერთოდ ასეთი შეხვედრები დადებითი მოვლენაა. რამდენადაც ვიცი, შეთანხმდნენ, რომ კიდევ გაიმართება მსგავსი შეხვედრა, რაც უთუოდ ხელს შეუწყობს ქვეყნის შიგნით არსებულ მდგომარეობას და გააიოლებს თანაცხოვრებას", - დასძინა მაია ფანჯიკიძემ.