ლინას ლინკევიჩუსი - ლიტვა მხარს უჭერს საქართველოს დღევანდელ მთავრობას, მხარს უჭერდა წინა მთავრობას და მომავალ მთავრობასაც დაუჭერს მხარს

ლინას ლინკევიჩუსი - ლიტვა მხარს უჭერს საქართველოს დღევანდელ მთავრობას, მხარს უჭერდა წინა მთავრობას და მომავალ მთავრობასაც დაუჭერს მხარს

ლიტვა მხარს უჭერს საქართველოს დღევანდელ მთავრობას, მხარს უჭერდა წინა მთავრობას და მომავალ მთავრობასაც დაუჭერს მხარს , - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტად მყოფმა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ლიტვა მხარს უჭერს საქართველოს მისი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. როგორც ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, მათ აქვთ იგივე გამოცდილება, რაც საქართველოს.

"მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო წარსულში, ჩვენ ძალიან კარგად გვესმის ერთმანეთის. ასევე ისიც ვიცით, რომ შეგვიძლია დაგეხმაროთ ძალიან ბევრი ინსტიტუტის დონეზე, სადაც ჩვენ აქტიურად ვართ წარმოდგენილი წევრების სახით. ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ იმის გამო, რომ საქართველო არის პროგრესული, კონკრეტულად ევროინტეგრაციის პროცესის გათვალისწინებით", - აღნიშნა ლინკევიჩუსმა.

მისივე განცხადებით, მათ იმედი აქვთ, რომ ვილნიუსის სამიტამდე ძალიან კარგ შედეგებს მიიღებენ საქართველოს მხრიდან ასოცირების შეთანხმების თვალსაზრისით, ასევე, ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შეთანხმებით.