მიხელ სააკაშვილი:  რატომ უნდა გაღიზიანდე და გასკდე ჯავრით და ბოღმით იმის გამო, რომ რაღაც კეთდება

მიხელ სააკაშვილი: რატომ უნდა გაღიზიანდე და გასკდე ჯავრით და ბოღმით იმის გამო, რომ რაღაც კეთდება

რატომ უნდა გაღიზიანდე და გასკდე ჯავრით და ბოღმით იმის გამო, რომ რაღაც კეთდება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმის საზაფხულო თეატრში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

საქართველო პრეზიდენტი გამოეხმაურა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებას იმის შესახებ, რომ პრეზიდენტის მხრიდან დაუსრულებელ შენობის გახსნა თვითმმართველობის საქმიანობაში ჩარევაა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ყველამ უნდა დაუჯეროს საკუთარ თვალებს და არა, არც თუ ისე გათვითცნობიერებული თანამდებობის პირების განცხადებას.

"ძალიან მეცოდება ეს ხალხი. ისინი დღე და ღამე განმარტავენ, რატომ არ უნდა აშენდეს და გაიხსნას რაღაც. მათთვის ეს ყველაფერი, რასაც უყურებთ, არის სააკაშვილის ხუშტურები. ყველამ დავუჯეროთ საკუთარ თვალებს და არა ვიღაც, არც თუ ისე გათვითცნობიერებული თანამდებობის პირის განცხადებას. რა თქმა უნდა, ახალმოსულმა პარტიამ შეიძლება იძახოს, რომ ეს ყველაფერი არის ბლეფი. მაგალითად, ბათუმის ყოფილ მერს, რობერტ ჩხაიძეს იბარებენ დაკითხვაზე, გვითხარით, ვინ დაგავალათ ანბანის კოშკის გაკეთებაო. მინდა ვუთხრა ყველას, მე დავავალე და ძალიან სწორადაც დავავალე. ვიღაცეებს უთქვამთ, უნდა დავშალოთ, ძვირი გვიჯდება შენახვაო. თუ ძვირი გიჯდებათ, ნურაფერს ნუ დაშლით და ნუ ანგრევთ - გაყიდეთ. ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც იყიდის და აამუშავებს რესტორანს. ის არის ჩვენი ერის მემკვიდრეობა, თითოეულ ადამიანს ეკუთვნის", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, "ვიღაცეები" ლაპარაკობენ, რომ ბათუმის "შერატონი" სააკაშვილისაა, რადგან მას "S" აწერია. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, აჭარლების მადლიერია იმის გამო, რომ 2004 წელს ასლან აბაშიძე ბათუმიდან გაუშვეს.

"ვიღაცეები იძახდნენ ბათუმის "შერატონი" სააკაშვილისაა. "S" რომ აწერია ეტყობა ჩემია. მინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, ჩვენს მიერ ეს ყველაფერი რაც კეთდებოდა, არის ამ ქალაქისთვს. რატომ უნდა გაღიზიანდე და გასკდე ჯავრით და ბოღმით იმის გამო, რომ რაღაცა კეთდება. იძახიან შემცირდა ბათუმის ბიუჯეტი, მაგრამ ჩვენ არ გვაწუხებს, სააკაშვილის ხუშტურებიაო. გეგონება სამჯერ გაგრძელებული ბულვარი ჩემი აკვიატებაა. ეს ყველაფერი გავაკეთე ამ ქალაქისთვის. ეს არის ჩემი მადლიერება, რაც გააკეთეს აჭარლებმა 2004 წელს, როცა ასლან აბაშიძე გაუშვეს აქედან. ამით ერთი წამით არ ვინანებ, ვამაყობ", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

ამასთან, დღეს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილმა საზაფხულო თეატრის გახსნასთან დაკავშირებული ღონისძიების შეჩერების შესახებ ბრძანება გამოსცა. კერძოდ, ბრძანებაში აღნიშნულია, რომ შეჩერდეს ბათუმში, ბულვარის ტერიტორიაზე მშენებარე საზაფხულო თეატრის გახსნასთან დაკავშირებული ღონისძიებები, ასევე, დაევალოს ბათუმის მერიას ბრძანების შესრულებისათვის საჭირო ღონისძიებების დროულად განხორციელება, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

ასევე, როგორც ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე განმარტავს, "პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ბათუმში ბულვარის ტერიტორიაზე მდებარე საზაფხულო თეატრი შენდება ბათუმის ბიუჯეტის სახსრებით და, შესაბამისად, მის გახსნაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ. მოცემულ ეტაპზე საზაფხულო თეატრის გახსნა ვერ მოხდება, რადგანაც მშენებლობა ჯერ არ არის დასრულებული, შესაბამისად, ობიექტი არ არის ექსპლუატაციაში მიღებული და მისი გახსნა გაუმართლებელია ტექნიკური უსაფრთხოების თვალსაზრისითაც", - აღნიშნა ირაკლი ჩავლეიშვილმა.