გია ხუხაშვილი:

გია ხუხაშვილი: "პრეზიდენტმა საკუთარი უპასუხისმგებლო განცხადებით, უკვე სამ ქვეყანასთან შეგვიყვანა მძიმე გაუგებრობაში"

ექსპერტ გია ხუხაშვილის შეფასებით, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი უპასუხისმგებლო განცხადებით, "უკვე სამ ქვეყანასთან შეგვიყვანა მძიმე გაუგებრობაში".

ამის შესახებ ხუხაშვილმა "პრაიმ-ტაიმის" პრეს-კლუბში სტუმრობისას განაცხადა.

"იმ განცხადებებით, რაც აზერბაიჯანიდან დაბრუნებულმა სააკაშვილმა თბილისის აეროპორტში გააკეთა, სერიოზული უხერხულობა შეიტანა აზერბაიჯანის შიდა პოლიტიკაში და უხერხულობა შეუქმნა პირადად აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს. ასევე, მან ურთიერთობა გაგვიფუჭა უკრაინასთან, როდესაც საკუთარი ეგზოტიკური ინტერესებიდან გამომდინარე საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა წითელი ცირკულარით ძებნილ ადამიანს. გარდა ამისა, რუსეთზე უპასუხისმგებლო განცხადებებით, სააკაშვილი რისკის ქვეშ აყენებდა რუსეთ-საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენას. ეს ადამიანი ახდენს სახელმწიფო ინტერესების საბოტირებას, ყველა მიმართულებით, რომელიც სახელმწიფოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგრადობას განსაზღვრავს", - განაცხადა ხუხაშვილმა.