ბულგარეთში, არჩვნებზე, უკანონო აგიტაციის გამო დააპატიმრეს... თხა

ბულგარეთში, არჩვნებზე, უკანონო აგიტაციის გამო დააპატიმრეს... თხა

კვირას, 23 ოქტომბერს ბულგარეში პირველად, დემოკრატიული ცვლილებების შემდეგ, ერთროულად ჩატარდა საპარეზიდენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. როგორც მოსალოდნელი იყო, სახელმწიფოს მეთაურის ვინაობა მეორე ტურის შემდეგ გაირკვევა, როდესაც პრეზიდენტის პოსტის მოსაპოვებლად ერთმანეთს მმართველი პარტიის კანდიდატი როსენ პლევნელიევი (Rosen Plevneliev) და სოციალისტური პარტიის წარმომადგენელი, ივაილო კალფინი (Ivailo Kalfin) დაუპირისპირებიან. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საბოლოო შედეგებიც მეორე ტურის შემდეგ გახდება ცნობილი.  

 

ზუსტად დილის 6 საათზე მთელი ქვეყნის მასშტაბით 11 382 საარჩევნო უბანი გაიხსნა. ხმის მიცემის პროცედურა საღამოს 7 საათამდე გრძელდებოდა, თუმცა, დაგვიანებულ ამომრჩევლებსაც ჰქონდათ ხმის მიცემის უფლება უბნების დახურვიდან ერთი საათის განმავლობაში. ყველა საარჩევნო უბანში ორი ურნა იყო განთავსებული, ერთი საპრეზიდენტო, ხოლო მეორე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება დაახლოებით 6.9 მლნ. ბულგარეთის მოქალაქეა აქვს, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, 6.5 მლნ.-ს. (უცხოეთში მცხოვრებ იმ ბულგარელებს, რომლებიც რეგირსტირებული არიან, შეუძლიათ მიიღო მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში, მაგრამ არა - ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში). ამომრჩეველთა აქტივობამ საპრეზიდენტო არჩევნებზე 51.83% შეადგინა, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 48.53%.

სულ ქვეყნის პრეზიდენტის პოსტზე თავისი კანდიდატურა თვრამეტმა კანდიდატმა წამოაყენა. მათგან თორმეტი წარდგენილია პარტიების, ხოლო დანარჩენი ექვსი - საინიციატივო კომიტეტების მიერ.  ბულგარეთში პრეზიდენტი ირჩევა აბსოლუტური უმრავლესობის პრინციპით, 5 წლის ვადით. გამარჯვებისთვის კანდიდატმა უნდა მოიპოვოს ხმათა 50%-ზე მეტი, წინააღმდეგ შემთხვევაში პრეზიდენტის მანდატის ბედი არჩევნების მეორე რაუნდში წყდება. პრეზიდენტი ბულგარეთში ძირითადად ფორმალური  ლიდერის როლს ასრულებს, რეალური უფლებამოსილების დიდი ნაწილი პრემიერ-მინისტრის ხელშია. ქვეყნის მეთაური პასუხს აგებს საგარეო პოლიტიკაზე, ასევე არის ქვეყნის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი. გარდა ამისა, აქვს უფლება დაადოს ვეტო პარლამენტში შესულ კანონპროექტებს.

Alpha Research -ის მიერ ჩატარებული წინასაარჩევნო გამოკითხვების თანახმად მმართველი პარტიის, „მოქალაქეები ბულგარეთის ევროპული განვითარებისთვს“,  კანდიდატი, როსენ პლევნელიევი ლიდერობდა 38.5%-ით. ივაილო კალფინს სოციალისტური პარტიიდან 23.5%-ს უწინასწარმეტყველებდნენ, ხოლო ყოფილ ევროკომისარი, მეგლენა კუნევა (Meglena Kuneva) 18.4%-ით მესამე ადგილს იკავებდა.

გამოკითხვის შედეგები გამართლდა და, როგორც უკვე აღვნიშნეთ, არჩევნების მეორე ტურში გავიდნენ კანდიდატი მმართველი პარტიიდან „(GERB)  როსენ პლევნელიევი და სოციალისტური პარტიის წარმომადგენელი ივაილო კალფინი. არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს შედგება. პლევნიევმა ხმების

40.11% (1349380 ხმა), ხოლო მისმა ვიზავიმ, სოციალისტური პარტიის კანდიდატმა  28.96% (974300 ხმა) მიიღო.

მმართველი პარტიის კანდიდატმა, როსენ პლევნელიევმა წინასწარი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ განაცხადა: „დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არჩევნები შევა ისტორიაში. არჩევნებმა განაქარვა მითი იმის შესახებ, რომ თურქული ერთობის წარმომადგენელი ბულგარეთის მოქალაქეების არჩევანი მონოლითურია. პირველად უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობის ბულგარელებს ჰქონდათ ალტერნატივა და ხმა მისცეს საკუთარი არჩევანის მიხედვით. გარდა ამისა, თავისი მოღვაწეობის განმავლობაში პარტიამ სერიოზული ნდობა მოიპოვა. ჩვენ გვადანაშაულებდნენ იმაში, რომ ვართ ექსპერტები და არა პოლიტიკოსები. როგორც რეგიონალური მინისტრი, მე ვამაყობ, რომ ბულგარეთის მუნიციპალიტეტების 93% მუშაობს ევროპული ფონდების მიერ დაფინანსებულ პრექტებზე. პრეზიდენტის რანგშიც სწორედ ამ პოლიტიკას გავაგრძელებ“.

პლევნილიევის ოპონენტის, ივაილო კალფინის განცხადებით, მიუხედავად შედეგისა,  ბულგარეთის სოციალისტურმა პარტიამ მაინც შეძლო დაახლოებით 1 მილიონი ამომრჩევლის მიზიდვა: „ეს ხმათა ის რაოდენობაა, რითაც გამარჯვებას აღწევდნენ წინა არჩევნებზე. მით უმეტეს, რომ ახლა სახეზე უნიკალური სიტუაციაა. ერთის მხრივ არის პლევნელიევი, კანდიდარი Gerb-იდან, მეორეს მხრივ კი ყველა დანარჩენი, რომლებიც არ ეთანხმებიან ძალაუფლების კონცენტრირებას ერთი პარტიის ხელში და კონსტიტუციის პრინციპების ბოროტად გამოყენებას.  ანუ, ეს ერთი მილიონი ხმა კარგი საფუძველია იმისთვის, რომ დაიწყოს კონსოლიდაციაზე მუშაობა მეორე ტურისთვის. მე მათგან ველოდები ხმებს, ვისაც სურს დემოკრატიული პრინციპების, სოლიდარობის, კანონიერების დამცველი მთავრობა ბულგარეთში. “


პირველი ბულგარელი ევროკომისარი, მეგლენა კუნევი, რომლის კანდიდატურაც საინიციატივო კომიტეტმა წამოაყენა, რიგით მესამეა შედეგების მიხედვით, თუმცა მთელი ინტრიგა იმაშია, თუ სად წავა მისი მხარდამჭერთა ხმები. კანდიდატმა არჩევნებში ხმათა 14% (470808 ხმა) მიიღო.

წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში პლევნელიევი ამომრჩეველს დაჰპირდა საბიუჯეტო დეფიციტის შემცირებას, ბიზნესის მხარდამჭერი პოლიტიკის გატარებას და ევროკავშირში ქვეყნის სტატუსის აწევას. მისი გამარჯვების შემთხვევაში მთავრობა მიიღებს მწვანე შუქს ხისტი ეკონომიკური რეფორმების გატარებისთვის, ქვეყანაში, სადაც უმუშევრობის მაჩვენებელი 11.7%-ია.  როგორც ჩანს, მსგავსი დაპირებები საკმაოდ მიმზიდველი აღმოჩნდა ბულგარელებისთვის, თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მმართველი პარტიის კანდიდატის წარმატებას სოციალისტები არჩევნების გაყალბებას მიაწერენ. კალფინმა არჩევნებამდე სახალხოდ დააფიქრისა უნდობლობა არჩევნების ადმინისტრაციის მიმართ და განაცხადა, რომ პარტია გეგმავს, ხმათა პარალელური დათვლა აწარმოოს.

უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების ორგანიზებისა და ხმის დათვლის პროცესი ოპოზიციური პარტიების და მათი მხარდამჭერების კრიტიკის საგანი გახდა, უცხოელმა დამკვირვებლებმა არჩევნები შეაფასეს, როგორც „საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი“, თუმცა ამასთან ერთად, ჟურნალისტებმა და გამომძიებლებმა გამოავლინეს ხმების ყიდვის ფაქტები.  ბულგარეთის ნაციონალური რადიოს განცხადებით, მსხვილ ქალაქებში ერთი ხმის ფასი 50 ლევს (დაახლ. 25 ევრო), ხოლო შედარებით მცირე ზომის ქალაქებში  30 ლევს შეადგენს. Dnews.bg-ს ცნობით, სამი ადამიანია დაკავებული ამომრჩევლების მოსყიდვისთვის. ლერვიე ისმაილოვა 30 ლევს სთავაზობდა ამომრჩეველს კონკრეტული მერობის კანდიდატის მხარდაჭერისთვის. სასამართლიმ მას ექვსთვიანი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მსგავსი ბრალდებით კიდევ ორი ქალბატონი დააკავეს. ის, თუ რომელი კანდიდატისთვის „ყიდულობდნენ“ ხმებს ქალბატონები, ოფიციალურად არ გახმაურებულა.

საინტერესო შედეგები აჩვენა Transparency International-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ, რომლის მიხედვითაც  გამოკითხულ ამომრჩეველთა 12% -მა დააფიქსირა თავისი მზადყოფნა, გაეყიდა ხმა.

თუმცა, ანალიტიკოსების შეფასებით სოციალისტური პარტიის კანდიდატის, ივაილო კალფინის მარცხი უმეტესწილად განპირობებული იყო იმით, რომ მას საზოგადოებისთვის არც თუ ისე საყვარელი ბოშების დიასპორაუჭერდა მხარს. სულ ცოტა ხნის წინ, ბულგარეთი ბოშების საწინააღმდეგო მრავალრიცხოვანმა გამოსვლებმა შეძრა, რომელიც პროვოცირებული იყო სოფელ კატუნიცში ადგილობრივი ბოშათა ავტორიტეტის, მეტსახელად „მეფე კიროს“ მიერ ჩადენილი მკვლელობის გამო. ამდენად, სოციალისტების მხრიდან სერიოზული რისკი იყო ბოშების მხრიდან მხარდაჭერის მიღება. მაგრამ ამ მოკავშირეებმა მნიშვნელოვნად შეავსეს საარჩევნო ფონდი, ამიტომ ბოშათა პარტია „ევრორომა“ შევიდა კალფინის მხარდამჭერ ბლოკში, ხოლო მისი ბელადი, ცვიტელი კინჩევმა ღიად განაცხადა, რომ ბოშებს სჭირდებათ ძალაუფლება. როგორც ჩანს, ამომრჩეველთა უმრავლესობას განსხვავებული მოსაზრება აღმოაჩნდათ.

რაც შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, ბულგარეთის მოსახლეობა 264 მუნიციპალიტეტიდან დიდი და მცირე ზომის ქალაქებისა და სოფლების მერებს ირჩევდნენ. პირველ ტურში Gerb-ის წარმომადგენლებმა შეძლეს გამარჯვების მოპოვება დიდ ქალაქებში, რიგ შემთხვევებში კი გავიდნენ მეორე ტურში. 28-დან 18 დიდ ქალაქში ასევე მეორე ტური შედგება, მათგან 10-ში მმართველი პარტიის  წარმომადგენლები დაუპირისპირდებიან ბულგარეთის სოციალისტური პარტიის კანდიდატებს. ექსპერტთა პროგნოზებით, მთელ რიგ ქალაქებში სწორედ ამ პარტიის კანდიდატებს აქვთ გამარჯვების მეტი შანსი. იქ, სადაც სოციალისტების კანდიდატები არ ხვდებიან მათ მეორე ტურში, პარტიამ მოუწოდა მათ მხარდამჭერებს ხმა მისცენ მმართველი პარტიის ნებისმიერ ოპონენტს.

 

ბულგარეთის დედაქალაქის  მერის არჩევნებმა,  რა თქმა უნდა, პოლიტიკური ძალების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო. აქ ძირითადი ბრძოლა მოქმედ მერს, იორდანკა ფანდუკოვას (Yordanka Fandukova) მმართველი პარტიიდან და სოციალისტ გეორგ კადიევს (Georgi Kadiev) შორის შედგა. ცენტრალური კომისიის მიერ გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით, ფანდუკოვამ ხმათა 45% მიიღო, ხოლო კადიევი 24%-ით მეორე ადგილს დასჯერდა. როგორც ჩანს, სოფიას მერი კვლავაც შეინარჩუნებს თავის პოსტს.

 

შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგები ცნობილი გახდება 30 ოქტომბერს დაგეგმილი არჩევნების მეორე ტურის შემდეგ.


და, ბოლოს, სახალისო ამბავი: ბულგარეთის არჩევნებზე მოხდა კურიოზი, რომელიც ბოლო ხანებში ევროპული არჩევნების ტენდეციად შეიძლება ჩაითვალოს. შვეიცარიის მსგავსად არჩევნების პროცესში მოულოდნელად ისევ გამოჩნდა ... თხა! თუმცა შვეიცარიისგან განსხვავებით ის უფრო აქტიურ ქმედებაში იქნა შემჩნეული და უკანონო აგიტაციისათვის „დაპატიმრებული“! თხა (სახელი უცნობია) სოფელ ჟელეზარეს ქუჩებში „აგიტაციას ეწეოდა“, მას წითელი საღებავით ერთ მხარეს ეწერა 22, რომელი ნომორითაც ადგილობრივი მერობის კანდიდატი  გეორგი პირიანკოვი იყო დარეგისტრირებული.  თუმცა თხის პოლიტიკური ორიანტაციის საკითხის ბოლომდე დაზუსტება ვერ მოხდა რადგან მეორე მხარეს მას სოციალისტური პარტიის აბრევიატურა БСП ქონდა დახატული.  რასთან გვაქვს საქმე, ცხოველის დაბალ პოლიტიკურ თვითშეგნებასთან, თუ პირიქით, სწორ ანგარიშზე დაფუძნებულ პოლიტიკურ მარკეტინგთან, ამაში გარკვევა მკითხველისათვის მიგვინდვია.