სრულიად საქართველოს სამინისტროებში გენერალური “დასუფთავება” მიმდინარეობს. ქობალიას შემდეგ, ესტაფეტა ურუშაძემ გადაიბარა და ჯანდაცვის სამინისტროში ქვა ქვაზე აღარ დატოვა.
საქართველოში ვარდების რევოლუციის შემდგომი ტენდენიცია, ახალი მინისტრი -ახალი კადრები, გრძელდება. ჯანდაცვის ახალი მინისტრი სანდრო ურუშაძე თავის უწყებაში მასშტაბურ რეაორგანიზაციას განაგრძობს.
სოციალური მომსახურეობის სააგენტოს გაუქმების შემდეგ მინისტრმა წმენდა აპარატში დაიწყო. გუშინ სამინისტროს აპარატის თანამშრომლებს სამსახურიდან დათხოვნის ბრძანებები დაურიგდათ. იმის მიუხედავად, რომ ბრძანებები თანაშრომლებს 22 სექტემბერს ჩაბარდათ, უმეტესი მათგანი სამსახურიდან 20 სექტემბერსაა გათავისუფლებული.
ჯანდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები, აპარატის თანამშრომლებს უმარტავენ, რომ თუკი ისინი არ ეთანხმებიან სანდრო ურუშაძის გადაწყვეტილებას, საშუალება აქვთ, სასამართლოს მიმართონ და სამუშაო ადგილის დაბრუნება კანონის საფუძველზე მოითხოვონ.
ბრძანებებში ფორმულირებული არ არის, რა პრეტენზია აქვს მინისტრს კონკრეტულ მუშაკთან ყოველი ცალკეული შემთხვევისას.
იმავდროულად ჯანდაცვის სამინისტრო შესაძლოა მრჩევლების გარეშე დარჩეს. ჯანდაცვის სამინისტროს კულუარებში გავრცელებული ინფორმაციის მიხედით, უახლოეს დღეებში სანდრო ურუშაძის და მინისტრიეს მოადგილეების თანაშემწეები თანამდებობიდან გათავისუფლდებიან.
ამ გადაწყვეტილების მიზეზად სამინისტროს მაღალჩინოსნები მთავრობის გადაწყვეტილებას ასახელებენ, თუმცა თავად მთავრობაში აღნიშნულ ფაქტს არ ადასტურებენ. “ჩემთვის ასეთი გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი არ არის”, - აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი, მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელი ვახტანგ ლეჟავა.
გამოდის, რომ რადგან მთავრობას აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს, მაშინ ჯანდაცვის სამინისტროში მრჩეველთა ინსტიტუტის გაუქმების გადაწყვეტილების ავტორი თავად მინისტრი სანდრო ურუშაძეა.
დიდი არეულობა და დაძაბულობა მხოლოდ ჯანდაცვის ცენტრალურ უწყებაში არ არის. კიდევ უფრო მეტი გაურკვევლობაა რეგიონებში. მაგალითად, ჯანდაცვისა და სოციალური სააგენტოს აჭარის ფილიალის სამსახურის თანამშრომლებმა ამ დრომდე არ იციან, ცენტრალური უწყების მსგავსად აჭარაშიც გაუქმდება თუ არა სააგენტო.
ფილიალის ხელმძღვანელი, რუსუდან ბოლქვაძე ამბობს, რომ მისთვის მხოლოდ ის ინფორმაციაა ცნობილი, რაც მედიით გავრცელდა. მისი თქმით, უწყების გაუქმების შესახებ განცხადება მისთვის მოულოდნელი იყო.
“ჯერჯერობით არანაირი დირექტივა ან ინფორმაცია ხელმძღვანელობისაგან არ მიგვიღია. გაურკვეველ მდგომარეობაში ვართ. მირეკავენ იმ დაწესებულებების ხელმძღვანელები, რომლებთანაც გრძელვადიანი ხელშეკრულებები გვაქვს გაფორმებული და მეკითხებიან, გააგრძელონ თუ არა მუშაობა. ჩვენ კი ამ ეტაპზე არაფერი ვიცით”, - განაცხადა ბოლქვაძემ.
თავად ბოლქვაძე თვლის, რომ ჯანდაცვისა და სოციალური სააგენტოს აჭარის ფილიალი არ უნდა გაუქმდეს, რადგანაც დაწესებულება აქტიურად მუშაობს და მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს.
“ვთვლი, რომ სერიოზულ საქმეს ვაკეთებთ და უწყების გაუქმება ბევრ პროექტს შეაფერხებს. ვმართავთ ჯანდაცვის ფედერალურ პროგრამებს, ვაფორმებთ ხელშეკრულებებს, ვატარებთ მონიტორინგს, ვემსახურებით მოქალაქეებს და ამას ყველაფერს ძალიან ოპერატიულად და კარგად ვაკეთებთ”, - აღნიშნავს რუსუდან ბოლქვაძე.
ჯანდაცვისა და სოცუზრუნველყოფის სამინისტროში “დაწმენდა-დასუფთავებითი” სამუშაოები რამდენიმე დღის წინ დაიწყო. პირველ რიგში, გაუქმდება ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სააგენტო.
ანდრია ურუშაძე ამტკიცებს, რომ სააგენტოს გაუქმება სტრუქტურულ ცვლილებებს უკავშირდება. “სახელმწიფო 350 მილიონ ლარს ხარჯავს ჯანდაცვის პროგრამებზე. ეს თანხა კი გამჭვირვალე უნდა იყოს და ბიუროკრატიულ კორიდორებში არ უნდა იკარგებოდეს”, - განმარტავს მინისტრი.
მისივე აზრით, ასეთი გადაწყვეტილებით ფულის დახარჯვის ეფექტურობა გაიზრდება, თუმცა სააგენტოს მიერ გაფორმებული ხელშეკრულებების უწყვეტობა გარანტირებული იქნება.
ჯანმრთელობისა და სოციალური სააგენტოს ხელმძღვანელი კი სააგენტოს გაუქმების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. ვახტნაგ სურგულაძის თქმით, სააგენტოს გაუქმება ერთ დღეში ვერ მოხდება, რადგან სამსახურს 4500-მდე კონტრაქტი აქვს გაფორმებული.