დეივ რაუნტრმა ნუგზარ ერგემლიძეს მიბაძა

დეივ რაუნტრმა ნუგზარ ერგემლიძეს მიბაძა

რამდენიმე წლის წინ ცნობილმა ქართველმა მომღერალმა და კომპოზიტორმა ნუგზარ ერგემლიძემ პოლიტიკური მოღვაწეობის დაწყება განიზრახა. ბატონი ნუგზარი თანამემამულე ლეიბორისტებს დაუკავშირდა, ამ პარტიის სიით საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო და დეპუტატის მანდატსაც დაეუფლა. მოგვიანებით შალვა ნათელაშვილმა და მისმა გუნდმა დეპუტატის მანდატები სახალხოდ გაანადგურა, თუმცა პარლამენტარის პრივილეგიებზე უარი არ განუცხადებია. ნუგზარ ერგემლიძემ სხვა გზა აირჩია, თბილ სავარძელს ვერ შეელია და დღემდე პარლამენტში მოღვაწეობს.

 

სხვისი მაგალითი გადამდებია. ამ ჭეშმარიტების დასამტკიცებლად ერთ მაგალითს მოგიყვანთ.

 

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ინგლისური ჯგუფი “Blur”-ის მედოლე დეივ რაუნტრიმ დიდი ბრიტანეთის პარლამენტში მოხვედრა განიზრახა. ბატონი დეივი ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი აქტივისტია.

 

მიმდინარე წლის 19 ნოემბერს, ინგლისის ნორფოლკის საგრაფოს დასახლება ნორიჯში ლეიბორისტული პარტიის შიდა არჩევნები ჩატარდება და გამოვლინდება ის ერთი კანდიდატი, რომელიც მოგვიანებით ამ რეგიონიდან პარლამენტში მოსახვედრად იბრძოლებს.

 

დეივ რაუნტრის კონკურენტები ასევე ლეიბორისტული პარტიის სამი წევრი იქნება. ესენი არიან: ნორიჯის საქალაქო საბჭოს წევრი ვიქტორია მაკდონალდსი, პოპულარული ტელეწამყვანი კლაივ ლუისი და ამჟამად პარლამენტის წევრი ჯო გოლდბერგი.

 

47 წლის მედოლე ქალაქ ნორიჯის საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად მონაწილეობს. მას იმედი აქვს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა სხვა კანდიდატებზე უფრო მაღლა დააყენებს. წარმატების შემთხვევაში კი დიდი ბრიტანეთის პარლამენტში მოხვედრის შანსი გაუჩნდება.