ამერიკული გამოცემა “Gulf News”-ის ინფორმაციით, ცნობილი ჯგუფი “Metallica”-ს წევრები ორი კვირაა საკუთარ სტუდიაში იმყოფებიან და ახალ ალბომზე მუშაობენ.
გამოცემის ჟურნალისტთან საუბრისას, ჯგუფის ბასისტმა რობერტ ტრუხილიომ განაცხადა, რომ სტუდიური ალბომის ჩაწერა ჩვეულ რიტმში მიმდინარეობს და მუსიკოსებმა უკვე რამდენიმე კომპოზიცია მოამზადეს. ამ ახალი ნამუშევრის სახელწოდება ჯერჯერობით უცნობია. ცნობილია რომ ის გაყიდვაში 2012 წლის გაზაფხულზე გამოვა.
ახალ ალბომზე მუშაობის პროცესში “Metallica”-ს ცნობილი პროდიუსერი რიკ რუბინი ეხმარება.
ეს ნამუშევარი ჯგუფის ისტორიაში რიგით მეათე იქნება. წინა ალბომმა “Death Magnetic” დღის სინათლე 2008 წელს იხილა.
მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს შესრულდა 30 წელი “Metallica”-ს დაარსებიდან. ამ თარიღთან დაკავშირებით რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი.
2011 წლის 5, 7, 9 და 10 დეკემბერს მუსიკოსების მშობლიურ ქალაქ სან-ფრანცისკოში “Metallica”-ს კონცერტები გაიმართება. ამ ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების ფასი ისეთივე იქნება, როგორც ჯგუფის არსებობის პირველ წლებში – 6 დოლარი.
რამდენიმე კვირის წინ, დიდ ბრიტანეთში გამომავალმა მუსიკალურმა ჟურნალმა “Kerrang!”-მა გამოაქვეყნა მისი ვერსიით, უკანასკნელი ოცდაათი წლის განმავლობაში მსოფლიოს საუკეთესო როკ ჯგუფების ჩამონათვალი.
ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში მსოფლიოს საუკეთესო როკ-ჯგუფად “Metallica” დასახელდა.
“ძალიან გვესიამოვნა როდესაც გავიგეთ, რომ გამომცემლობა “Kerrang!”-მა საუკეთესო როკ-ჯგუფის წოდება მოგვანიჭა. ბრიტანელების აზრით, ჩვენ მთელი თაობის მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში განსაკუთრებული ფუნქცია შევასრულეთ. წინა საუკუნის 80-იან წლებში ბრიტანული მეტალის უკეთ გაცნობის მიზნით ინგლისში რამდენიმე წლის განმავლობაში ვცხოვრობდი. ხშირად მიწევდა მოგზაურობაც და ჟურნალი “Kerrang!” ჩემი მუდმივი მეგზური გახლდათ” – განაცხადა “Metallica”-ს დამრტყმელმა ლარს ულრიხმა.