ქუჩის ყვავილები

ქუჩის ყვავილები

2007 წლის 2 ნოემბერს, როცა მთავრობის წინ საპროტესტო აქციაზე ზღვა ხალხში ძველი გვარდიის, „სტაჟიანი“ მომიტინგეები ერთმანეთს ვხვდებოთ, ნოსტალგიანარევი  მოკითხვის შემდგომ, ერთი პასუხგაუცემელი შეკითხვა ისმოდა – „ნუთუ ამისთვის ვიბრძოდით 20 წლის წინათ? ამისი ღირსები ვართ?“

ამ შეკითხვის პასუხად ერთ–ერთმა ჩვენგანმა მაშინ ასე იხუმრა: „მგონი, კონსტიტუციაში უნდა ჩავწეროთ, შეიძლება პრეამბულაში ან ზოგად დებულებებში, ერთ–ერთ პირველ მუხლად, რომ საქართველოში ხელისუფლება არჩევნებით კი არ იცვლება, არამედ ემხობა რევოლუციით. ხოლო რევოლუცია ეწყობა რეგულარულად, ვთქვათ, ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ, დღეც დავთქვათ, მაგალითად – ნოემბრის პირველ კვირა დღეს. ამ დღეს საქართველოს ყოველი მოქალაქე მოვალეა სულ ცოტა ერთი კვირით, სრული სამიტინგო და საშიმშილო ამუნიციით, მთავრობის სახლის წინ მორიგი რევოლუციის მოსაწყობად გამოცხადდეს. ვინც რევოლუციისკენ წაიყოლიებს ხალხს, ხალხის „ჯილა“ ვინც იქნება, იმისი იყოს მომავალ რევოლუციამდე დამხობილი ხელისუფლების მემკვიდრეობაც. აი, ეს თუ კონსტიტუციაში ჩაიწერება, ჩვეულ ფორმაში ერთმანეთსაც ხომ მოვინახულუბთ და იქნებ,  გვეშველოს კიდეც რამეო.“

ამ ხუმრობაში მწარე სინამდვილე გამოსჭვივის: მართლაც, ხელისუფლების არჩევნებით გადაცემა, თუ არ ჩავთვლით 1991 წლის 28 ოქტომბრის პირველ მრავალპარტიულ და  გაუყალბებელ არჩევნებს, საქართველოში ჯერ არ მომხდარა.

მმართველი პარტია ხელისუფლების არჩევნებით გადაცემას არც 2012 წელს აპირებს, რასაც თუნდაც „სიდედრის ერთას“ – აკაკი მინაშვილის კომენტარიც ადასტურებს უილიამ ბერნსის განცხადებაზე. მაღალი რანგის ამ ამერიკელმა დიპლომატმა ასე განაცხადა: „მოვუწოდებთ საქრათველოს, განახორციელოს საარჩევნო კოდექსის და პოლიტიკური გარემოს რეფორმა, რათა უზრუნველყოფილი იქნას მომავალი ორი წლის განმავლობაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რისი შედეგიც იქნება 2013 წელს ხელისუფლების სრულად დემოკრატიული გადაცემა.“

მინაშვილმა ეს განცხადება ასე გაიგო: „გადაცემა არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლება იგივე პოლიტიკურ ჯგუფს და იგივე ადამიანებს გადაეცეს.“

ამ „ჭკვიანურ“ კომენტარს ყურადღება სულაც რომ არ მივაქციოთ, ხელისუფლების ცხარე რეაქცია ივანიშვილის პოლიტიკურ განაცხადზე სრულიად ცალსახაა – არჩევნებში კონკურენტის გამოჩენას ისინი ყოველნაირად, ყველა დასაშვები და დაუშვებელი მეთოდით წინ აღუდგებიან. ეს ნიშნავს, რომ რამე თუ არ ვიღონეთ, ბერნსის მოწოდება – მომავალი ორი წლის განმავლობაში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის შესახებ, „ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინად“ დარჩება ჩოყლაყისა და ჩოყლაყისტებისათვის. ისევე, როგორც ბერნსის განცხადების კონტექსტის გამომხატველი ე.წ. „კონსოლიდირებული დემოკრატიის“ ტესტი.

ეს ტესტი ჯერ კიდევ 90–იანი წლების დასაწყისში იქნა ფორმულირებული ამერიკელი პოლიტოლოგის – სემუელ ჰენტინგტონის მიერ. ჰენტინგტონის თანახმად, დემოკრატია შეუქცევადი (კონსოლიდირებული) ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ხელისუფლებაში მოსული პარტია დემოკრატიულ არჩევნებში თმობს ძალაუფლებას და შემდგომ ელექტორალურ ციკლში იბრუნებს მას. ანუ, ქვეყანაში სტაბილურად არსებობს სულ ცოტა ორი პოლიტიკური ძალა მაინც, რომელსაც ძალუძს დემოკრატიული წესებით ძალაუფლების ხელში აღებაცა და დათმობაც.

სწორედ ამ საყოველთაოდ ცნობილ ტესტზე, დასავლური დემოკრატიის ასეთ სტანდარტზე მიანიშნებენ ამერიკელებიცა და ევროპელებიც, როცა ხელისუფლების დემოკრატიულ გადაცემაზე საუბრობენ. თუმცა, მათი ენა მინაშვილისა და სხვა ჩოყლაყისტებისათვის სრულიად უცხო და გაუგებარია. მათ მხოლოდ „რევოლუციებისა“ ან ერთპარტიული დიქტატურის ლოზუნგებით უნდა ესაუბრო, რამე რომ გაიგონ. თვითონაც მხოლოდ ლოზუნგებით ძალუძთ „აზროვნებაცა“ და ლაპარაკიც. რომ ეტყვი – უნდა დაგამხოთ, კარგად გაიგებენ, აი, არჩევნებში დამარცხების წარმოდგენა კი მათთვის შეუძლებელია. რა ქნან, დემოკრატიაშიც და სამართალშიც მაგრად ჭედავენ.

ამიტომაც ამოუცნობი დარჩა მათთვის ივანიშვილის არჩევნებში  გამარჯვების შესახებ პოლიტიკური განაცხადის შინაარსი. მათ არ შეუძლიათ იმის დაშვება, რომ შესაძლებელია ოდესმე არჩევნების შედეგად ხელისუფლების დათმობა და ოპოზიციაში ყოფნა მოუწიოთ, რადგან ასეთია დემოკრატიული თამაშის წესები.  ივანიშვილის განცხადება საკუთარ ენაზე თარგმნეს და მიაჩნიათ, რომ ივანიშვილი მათ დამხობით ემუქრება. ჰოდა, ამიტომაცაა, რომ ასე ისტერიულად იცავენ თავს. მართლაც სასაცილოა, სატირელი რომ არ იყოს.

ჩოყლაყისა და ჩოყლაყისტებისათვის ნამდვილ დემოკრატიული ლეგიტიმურობას, რაც ხელისუფლების განაწილებასა და  რეგულარულად მოწყობილ სამართლიან არჩევნებში ხელისუფლების გადაცემას ემყარება, მნიშვნელობა არა აქვს. მათთვის აზრი აქვს მხოლოდ ძალაუფლების სრულად და უვადოდ პყრობას, ხოლო არჩევნები ამ აბსოლუტური ძალაუფლების „გასაპრავებლ“ ერთგვარ ლიტურგიადაა მოგონილი; არა მხოლოდ არჩევნები, არამედ საარჩევნო კოდექსიც, მათი ე.წ. კონსტიტუციაცა და მთლიანად კანონმდებლობაც. კონსტიტუციაში ისიც კი დააკანონეს, რომ  ერთხელ არჩევნებით მოსული ხელისუფლება სამარადჟამოდ ჰგიებს ანდა ისეთი გამოუვალი სამთავრობო კრიზისი შეიქმნება, რომ ქვა ქვაზე არ უნდა დარჩეს. სამართალი მათთვის მხოლოდ დამხმარე საშუალებაა, მარქსისტული ტრადიციის ზედნაშენია – მათ გულრწფელად ჰგონიათ, რომ პროლეტარიატის დიქტატურისა არ იყოს, შორეულ, იდილიურ მომავალში სახელმწიფოს გაქრობამდე ქვეყნის  სამართავად არიან მოვლენილნი.

პოლიტიკური ბრძოლის დაუფარავი, ღია კონტექსტი მათთვის მხოლოდ ასეთია – „მაგარი ბიჭები ვართ და  „ჩმორებს“ კისრებზეც მოგაჯექით, აბა, თუ „ჩმორები და ფარჩაკები“ არა ხართ, სცადეთ და დაგვამხეთ!“

როგორ მოვიყვანოთ აზრზე, როგორ გადავარწმუნოთ, რომ არც თვითონ არიან მაგარი ბიჭები და არც ჩვენა ვართ ისეთი ფარჩაკები, როგორებიც ვგონივართ? იქნებ, მართლაც მხოლოდ რევოლუციაა გამოსავალი?

ჩოყლაყისა და ჩოყლაყისტების აზრზე მოსაყვანად რევოლუცია შეიძლება საუკეთესო წამალიც იყოს, მაგრამ ქვეყნისათვის? ისევ ახალი „რევოლუციური ციკლის“ დაწყება იმთავითვე შეიცავს საბედისწერო საფრთხეს, რომ სამართლებრივი სახელმწიფოს თავიდან შენება კვლავაც მორიგი კრახით დასრულდება. კიდევ ერთი რევოლუცია, ზემოთ ნახსენები მწარე ხუმრობისა არ იყოს, ხელისუფლების დანაწილებისა და გადაცემის ცივილური პრინციპის ნაცვლად, მისი დამხობის მავნე ჩვევის დაკანონებას, საერთოდ კონსტიტუციურობაზე უარის თქმას ნიშნავს. ამიტომ გარკვეულწილად მართალია ივანიშვილი, რომელსაც  „რევოლუციისა“ და „ქუჩის“ გაგონებაც არ სურს. „რევოლუცია“ და „ქუჩა“ ივანიშვილის მიერ ნაგულისხმევ ამ კონტექსტში ძალადობასთან ასოცირდება სამართლის საპირისპიროდ. რევოლუცია და ქვეყნის თავზე დამხობა გზა ნამდვილად არ არის. სამართლიანი არჩევნები – ასეთია ჩოყლაყისა და ჩოყლაყისტების მიერ თავს მოხვეული უკანონობის საბოლოოდ დამარცხების, კონსტიტუციურობის გაბატონების, რაც მართლაც რევოლუციური ცვლილება იქნება, ერთადერთი გზა.

მაგრამ რა ვქნათ, როცა ივანიშვილს მოქალაქეობის უფლებები აჰყარეს და რეალური კონკურენტისათვის კარის ყრუდ დარაზვით სურთ ფაქტიურად მოსპონ სამართლიანი არჩევნების შესაძლებლობა? როგორც ჩანს, ისევ ქუჩისკენ მიგვითითებენ.

*********

ქუჩა რევოლუციური სტიქიის ის ასპარეზია, საითკენაც დემოკრატიის კარის დარაზვით ჩოყლაყი ხელის კვრითა და მუჯლუგუნით გვიბიძგებს. ქუჩა საჯარო სივრცის ნაწილია, ხშირად - ძალზე მნიშვნელოვანი. ის გადამწყვეტი ხდება, როცა საჯარო აქტიურობის სხვა ადგილი დახშულია, როცა ხალხში დაგროვილი ენერგიის სხვაგვარად, „ლეგიტიმური“ გზებით გამოვლენა შეზღუდულია. ხალხი ქუჩაში მაშინ გამოდის, როცა სხვა საშუალებებით ხელისუფლებაზე ზეგავლენის მოხდენა არაეფექტიანია და მით უმეტეს, როცა ეს საერთოდ შეუძლებელი ხდება. დღეს სწორედ ასეთი ვითარებაა, რადგან ყველა საშუალება, პირველ ყოვლისა – თავისუფალი მედია, რამაც შეიძლება ხელისუფლებაზე ზეგავლენა მოახდინოს, თამაშგარეშე მდგომარეობაშია დატოვებული.

აქ ისიც ხაზგასასმელია, რომ საჯარო სივრცეში მარტოოდენ მედია არ იგულისხმება. ზოგადად, საჯარო სივრცეა ნებისმიერი ის ადგილი, სადაც საჯარო საქმეთა განსჯა და რაც მთავარია, გადაწყვეტილებათა მიღება ან მათზე ზემოქმედება ხდება.  თავისუფალმა მედიამ  ამ გადაწყვეტილების მიმღებთა და საზოგადოებას  შორის შუამავლის უმთავრესი ფუნქცია  დაკარგა;  ასევე დაკარგა უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს ფუნქცია პარლამენტმა და იგი რუსთაველის პროსპექტიდან ქუთაისში იქნა დემონსტრაციულად გაძევებული; დაკარგა ადგილი და ჰაერში იყო გამოკიდებული მთლიანად პოლიტიკური სპექტრი, რომელსაც არ ძალუძდა არც საჯაროდ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებათა შემუშავება და მით უმეტეს, არც მათი გატანა.

საერთოდ, ივანიშვილის გამოჩენამდე ისეთი ადგილი, რასაც საჯარო სივრცეს ვუწოდებდით, სამწუხაროდ, საქართველოში თითქმის აღარ დარჩა. სამაგიეროდ, გაჩნდა უამრავი ახალი სასეირნო და სასეირო ადგილი თავისი ატრაქციონებით. მაგალითად რიყე, ბათუმის ბულვარი, ანაკლიის ბულვარი... ასევე უხვადაა გულისამაჩუებელი ტელე–შოუები, იუმორისტული სერიალები და თავშესაქცევი გადაცემებიც, ტარდება ძვირადღირებული კონცერტები, გაუთავებლად იდგმება „ქეთო და კოტე“, კონოში გადის „აგვისტოს შვიდი დღე“ ანდა, ვისაც არც ეს მოსწონს, შეუძლია იხილოს  „ჭამა და სექსი“ და ა.შ.

როცა სეირნობა, სეირი და „ჭამა და სექსი“ ანაცველებს იმას, რასაც საჯარო სივრცე ჰქვია, შედეგი ერთია – საზოგადოება სახეს კარგავს და ბრბოს ემსგავსება. ამ ზაფხულს ჩოყლაყს, ბათუმის ბულვარის მორიგი საზეიმო გახსნისას, წამოსცდა – მართალია, ის სასტუმროები და რესტორნები რაც შენდება, თქვენთვის, უფულო და გაჭირვებული საწყალი ხალხისათვის არ არის განკუთვნილი, მაგრამ სამაგიეროდ, მთავრობა ზრუნავს საჯარო სივრცის (მან ზუსტად ეს ტერმინი გამოიყენა) მოწყობაზე – აშენებს ლამაზ, ახალ ბულვარებს, დგამს სასეირო სანახაობებს.

საჯარო სივრცის ასეთი შეზღუდული, შემოღობილი, ჩოყლაყური გაგება მიანიშნებს, რომ არჩეულ პრეზიდენტს თითქმის იგივე დამოკიდებულება გაუჩნდა ხალხის მიმართ, როგორიც რომაელ იმპერატორს ჰქონდა – მიეცი მათ პური და სანახაობა, ხოლო შენ დატკბი ძალაუფლებით და ამ ცხოვრების ყველა სიამით; ხოლო ვინც არ იგუებს ამას, დევნე, პროტესტის გამოსახატავად ერთად შეკრიბე ქუჩაში, შემდეგ დასაჯე სასტიკად და სხვების დასაშინებლად.

ასეთ ვითარებაში აღარც საჯარო სივრცეა და აღარც სუბიექტები, ვინც ამ საჯარო სივრცეში უნდა მოქმედებდნენ. ჩოყლაყის მიერ იქმნება ბრბო, რომელიც მან უნდა დააპუროს და გაართოს, აქა იქ კი შეიძლება შემოგვრჩეს თავისუფლების რამდენიმე კუნძული – ბეჭდური მედიის, შეზღუდული მაუწყებლობის მქონე ორი ტელევიზიის, არ მოსმენილი, კომფორტულ, ინტელექტუალურ რეზერვაციაში განდევნილი ექსპერტებისა და მათსავით მარგინალიზებული პოლიტიკური სპექტრის სახით; აგრეთვე იმიტაციური საჯარო დაწესებულებები – რომელთა სახეა თუნდაც ქუთაისში გაძევებული უფუნქციო პარლამენტი. 

ჩოყლაყმა მიაღწია იმას, რომ ცხოვრებიდან საერთოდ განდევნა საჯარო პოლიტიკა,  იგი სეირნობითა და სეირით, რომელსაც არავითარი პოლიტიკური შედეგი არ მოჰყვება, ჩაანაცვლა. რა ზეგავლენას ახდენდა თუნდაც მედია ან ივანიშვილამდე არსებული ე.წ. პოლიტიკური სპექტრი, თავის მმართველ და ოპოზიციურ პარტიებიანად, მის რეალურ გადაწყვეტილებებზე? პასუხი ამ რიტორიკულ შეკითხვაზე ცხადია – ნულოვანს.

რეალური პოლიტიკის სფერო დღესაც მთლიანად პრივატიზებულია ჩოყლაყის ხუთი ან მაქსიმუმ, ათკაციანი ბანდის მიერ. საზოგადოებისათვის ისიც კი არ არის ცნობილი, როგორია სინამდვილეში ამ ბანდის რეალური შემადგენლობა და გადაწყვეტილებების მიღების პრაქტიკული პროცედურა.

ფორმალურად, ეს თითქოს კონსტიტუციური მექანიზმებია, რომლებიც სხვადასხვა ინსტიტუციებს  –  პრეზიდენტს, მთავრობასა და პარლამენტს, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს შორის გადაწყვეტილებათა მიღების პრეროგატივების განაწილებას ემყარება; მათ განსასჯელად ვითომ გვაქვს სასამართლოც; ცხადია, სინამდვილეში ეს სულაც არ არის ასე – ყველა მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო გადაწყვეტილება სრულიად არაკონსტიტუციური, არაფორმალური, ჩოყლაყთან და მის გარემოცვასთან პირადი ურთიერთობებით განპირობებული და საზოგადოებისათვის დახურული, უცნობი მექანიზმებით მიიღება და მერე „პრავდება“, ჩოყლაყური სამართლის სახეს იძენს იმიტაციურ დაწესებულებებში. არ მოგწონს ასეთი სამართალი? წადი და ასაჩივრე სადაც გინდა.

ამ სამართლის რეალური შინაარსი მხოლოდ ერთია – ჩოყლაყისა და ჩოყლაყისტების ბატონობის გამყარება და ყველა დანარჩენი საზოგადოებრივი ძალის დათრგუნვა. ზუსტად ისე განაგებენ, როგორ მარქსისტებს ესმოდათ სახელმწიფო და სამართალი – ბატონობისა და „კლასობრივი ბრძოლის“ იარაღი. განსხვავება ისაა, რომ „კლასობრივი ბრძოლის“ ნაცვლად ჩოყლაყი უფრო მოდურ ზღაპარს გვთავაზობს – დემოკრატიული დასავლეთის სახელით „ბნელ“ რუსეთთან და მის „მოღალატე“ დამქაშებთან ბრძოლას. ესეც სასაცილოა, ჩვენს თავს ნამდვილად რომ არ ხდებოდეს და მართლაც სატირელი რომ არ იყოს.

ვინც ჩოყლაყის თამაშს არ ითამაშებს, მისგან ბოძებული დაყვედრებული პურითა და იაფფსასიანი, ტვინის გამომლაყებელი სანახაობით არ დაკმაყოფილდება – გზა ხსნილია, ქუჩაში განიდევნება. ქუჩაში კი წესრიგს ვანოს ზონდერები სწრაფად დაამყარებენ. ისინი საბოლოოდ „მიაჩმორებენ“ ყველას, ვინც გაბედავს და საქვეყნოდ საყვედური დასცდება ჩოყლაყის მიმართ. გამოდის, რომ ქუჩაც კი აღარაა საჯარო სივრცის ნაწილი – ჩოყლაყისათვის იგი უკმაყოფილოთა განდევნის, მარგინალიზებისა და „მიჩმორების“ ადგილია.

ჩვენ დღესაც, ივანიშვილის გამოჩენის შემდგომ, მხოლოდ მოჩვენებითი საჯარო სივრცის და  ტვინის წამღები პროპაგანდის ტყვეები ვართ, მარტოოდენ ფორმალური, „მკვდარი“ კონსტიტუცია, იმიტაციური საჯარო ინსტიტუტები და რამდენიმე „თავისუფლების კუნძული“ გაგვაჩნია. თუმცა, ივანიშვილის გამოჩენამ საჯარო სივრცის გახსნის უდიდესი შესაძლებლობა უდავოდ გააჩინა.

ივანიშვილმა ღია, პატიოსან საარჩევნო ბრძოლაში გამოიწვია ჩოყლაყი, გააკეთა განაცხადი მედიის „გამოსყიდვის“ თაობაზე და ამით მის რეჟიმს სასიკვდილო საფრთხე შეუქმნა.

ეს გამოწვევა აღარ არის მარტოოდენ „მკვდარი“ პოლიტიკური სქემა, რასაც ფსევდო თუ ნამდვილ ოპოზიციად წოდებული, ერთიანად დავრდომილი და დისკრედიტირებული პარტიები გვთავაზობდნენ. ამ პარტიებს არ გააჩნდათ არც სოციალური დასაყრდენი და არც სხვა რაიმე ქმედითი რესურსი თავიანთი დანაქადების განსახორციელებლად. მათ მიერ ანონსირებული რევოლუციები თუ საარჩევნო გარემოსათვის ბრძოლა, სრულიად ვირტუალური იყო.

ივანიშვილმა მთლიანად შეცვალა პოლიტიკური დღის წესრიგი, ინიციატივა წაგლიჯა ხელიდან აქამდე არსებულ ერთადერთ სუბიექტს. პირველსავე დღეს ყოველგვარი ახალი ტელევიზიის გარეშეც ივანიშვილის ინიციატივამ რეალური, ცოცხალი, მძლავრი პროცესის სახე შეიძინა. ჩოყლაყის გასაკვირად, ამ ინიციატივამ ფართოდ რეკლამირებული „სარკოზობა“ უმნიშვნელო, რიგით მოვლენად აქცია.

ნამდვილი და არა ვირტუალური საფრთხის იგნორირება შეუძლებელია. ჩოყლაყისტებსა და პროპაგანდის მანქანას ამ ინიციატივის შეჩერება არ ძალუძს. ის ფაქტი, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ საბოლოოდ დასთანხმდა ივანიშვილის პრესკონფერენციის პირდაპირ ეთერში გაშვებას, სწორედ ამაზე მიანიშნებს

ცხადია, კვლავაც მოსალოდნელია ე.წ. შავი ფიარის გააქტიურება, ივანიშვილის კომპრომეტირების მცდელობა, მაგრამ ამ ვითარებაში ესეც წყალწაღებულის ხავსს მოჭიდება იქნება და მეტი არაფერი. „რუსთავი ყველა“ და მოჩოყლაყო სახეები ივანიშვილის გამოჩენის შემდგომ თავად იმდენად არიან კომპრომეტირებულნი, რომ ვინმეს „გასაშავებლად“ აღარ გამოდგებიან.

თუ ჩოყლაყი და მისი პროპაგანდის მანქანა ივანიშვილის ინიციატივის, ე.ი. რეალური დღის წესრიგის იგნორირებას მაინც შეეცდება, მაშინ თავად უნდა გაირიყონ და მარგინალიზებულ მდგომარეობაში ამოყონ თავი. მაგრამ ამისათვის საჭიროა, რომ საჯარო სივრცეში ისეთი ადგილი გამოჩნდეს, სადაც შესაძლებელი იქნება ცოცხალი პროცესის წაყვანა, რეალური ზემოქმედება ჩოყლაყის გადაწყვეტილებებზე და საჭიროებისამებრ, მათი ბლოკირება.

ასეთი ადგილი შეიძლება თავიდან სწორედაც ქუჩა იყოს. ქუჩა, არა როგორც რევოლუციური სტიქიისა და ზონდერების ძალადობის, არამედ კანონიერი, მასობრივი და კარგად ორგანიზებული პროტესტის ადგილი. შეიძლება საჯარო სივრცის დაბრუნება სწორედაც ქუჩიდან დაიწყოს. აი, აქ, უკვე აღარ არის მართალი ივანიშვილი, რომელსაც „ქუჩის“ გაგონება აღარ სურს.

ივანიშვილი მარტო ვერაფერს გააწყობს, თუ ასპარეზზე მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხი არ გამოვიდა. ცხადია, ეს ასპარეზი ახლა ოკუპირებულია ჩოყლაყის მიერ და პირველ ყოვლისა, დეოკუპაციის პროცესს სჭირდება ორგანიზება. დეოკუპაციის პროცესში შედის ქუჩის განთავისუფლებაც, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების ქუჩიდან დამკვიდრება. სხაგვარად არჩევნების თავისუფლება არ მიიღწევა.

ქუჩა, რომელიც არც ბრბოს, არც მარგინალიზებული, რევოლუციურად განწყობილი და ზონდერების ლუკმად გაწირული მცირერიცხოვანი ჯგუფების, არამედ მისი უდიდებულესობის – ქართველი ხალხის სამოქმედო არენად უნდა იქცეს, ჩოყლაყისათვის დამხობაზე საშიშია. მეტიც – ერთადერთი ნამდვილი ძალა, რამაც ჩოყლაყის თავგასულობა შეიძლება შეაკავოს, არენაზე არა მარტოოდენ ივანიშვილის, არამედ სამართლის აღსადგენად გამოსული, დარბაისელი ქართველი ხალხის გამოჩენაა.

არენაზე გამოსული ხალხი ბრბოსაგან იმით განსხვავდება, რომ იგი დასამხობად არ არის მოწოდებული. მისი მიზანი სამართლიანობის, შელახულ უფლებათა აღდგენაა და არა რევოლუციური ძალადობის გაბატონება. სამაგალითოდ ორგანიზებული, კანონიერების პატივისმცემელი და თავისუფალი არჩევნების, რაც პირველ ყოვლისა, ივანიშვილისათვის აყრილ უფლებათა დაბრუნებას გულისხმობს, კონკრეტული მოთხოვნებით ქუჩაში გამოსული ხალხი ერთადერთი მყარი გარანტიაა იმისთვისაც, რომ დახშული საჯარო სივრცე გაიხსნას.

თავისუფალ საჯარო სივრცეში, სადაც დარბაისელი ხალხია ბატონ–პატრონი, ძალიან მალე სასირცხვო გახდება ჩოყლაყის მიერ დადგმული უხამსი სეირისა და სიცრუის არამც თუ ტირაჟირება, არამედ მათი ყურება და გაგონებაც კი. „რუსთავი ყველამ“ კარგად უნდა დაინახოს, რომ ამჟამად მოთხოვნა მხოლოდ თავისუფალ სიტყვაზეა და არა უბადრუკ სეირსა და პროპაგანდაზე. მათი დამკვეთი ხალხი უნდა გახდეს და არა ჩოყლაყი.

ამ რეჟიმთან მხოლოდ ფორმალურ–სამართლებრივი დავა მოქალაქეობის საკითხზე შედეგის მომტანი არ იქნება. ჩოყლაყმა უნდა იხილოს, რომ მიუხედავად დევნა–შევიწროვებისა, დათრგუნვისა და საარაკოდ გაღატაკებისა, მიუხედავად ძალადობისა და სიცრუისა, ხალხს ღირსება მაინც არ დაუთმია, ცოცხალია და ძალაც შესწევს საკუთარ უფლებათა დასამკვიდრებლად.

*******

ივანიშვილისათვის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით მასობრივი პროტესტის ორგანიზება რეჟიმზე დღეს ზეგავლენის ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა. ქართველმა საზოგადოებამ უნდა შევძლოთ კონსოლიდირება, ორგანიზება და ჩოყლაყს მოვუწყოთ საკუთარი ძალის თვალსაჩინო დემონსტრირება. ეს უნდა იყოს კარგად დაგეგმილი, სანიმუშოდ ორგანიზებული და თავის მასშტაბით უპრეცენდენტო საპროტესტო აქცია, კონკრეტული მოთხოვნითა და მკაფიო დრამატურგიით. დღეს კი მოთხოვნა ერთადერთია – თავისუფალი არჩევნები, რაც ამ ეტაპზე ივანიშვილისათვის მოქალაქეობის აღდგენას და მისი, აგრეთვე ზოგადად, პოლიტიკური   დევნის შეწყვეტას გულისხმობს.

ხაზგასასმელია, რომ ასეთი აქციის მოუმზადებლად ჩატარება სრულიად დაუშვებელია, რათა პროცესის იმთავითვე დისკრედიდატია არ მოხდეს და იგი არა ხალხის ძალის, არამედ უძლურების დემონსტრირებად არ იქცეს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ სავარაუდოდ ჩოყლაყი ასეთ აქციას ყოველგვარი რეაგირების გარეშე დატოვებს, რათა იგი ფუჭ შეკრებად მოგვაჩვენოს. მიუხედავად ამისა, მის წინაშე ძალის დემონსტრირება მაინც აუცილებელია და იგი, ჩვეული სიყრუისა და სიბრმავის მიუხედავად, ამ უდიდესი ძალით შებოჭვას მაინც იგრძნობს.

ასეთი აქციის მოწყობა იმის უმთავრესი საშუალებაცაა, რომ ბრბოს მდგომარეობიდან გამოვიდეთ და საკუთარი უფლებების გაცნობიერება და დაცვა შევძლოთ. ეს იმის საშუალებაცაა, რომ თვითგამორკვევის პროცესი დავიწყოთ.

თვითგამოსარკვევად სეფე სიტყვა ივანიშვილის მიერ უკვე ითქვა. ამ სიტყვას კარებს ვერაფრით ვეღარ ჩაუკეტავენ. თავისუფალი სიტყვის შეჩერება შეუძლებელია. არ გავა ტელევიზიაში? დაიბეჭდება, გავრცელდება ინტერნეტით, სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით, მოედება ქუჩასა და უდიდეს ძალას შეიძენს.

ივანიშვილის მიერ ინიციატივის ხელში აღების შემდგომ, თუ ასპარეზზე მთავარი სუბიექტი – ქართველი ხალხი გამოჩნდება, ჩვენ დაახლოებით იგივე ვითარებას მივიღებთ, როგორიც  იყო პირველ მრავალპარტიულ არჩევნებამდე,  9 აპრილით გაკოტრებული რეჟმის პირობებში. ახლა კარგად გამოჩნდება, რომ პოსტკომუნისტურ სპირალზე ჯოჯოხეთში ვიარეთ და დისპოზიციის ისევ იმ წერტილში, ოღონდ სხვა სიმაღლეზე მოვხვდით, საიდანაც იწყება თავისუფალი სიტყვის თქმა–გაგონება და თვითგამორკვევა. იმ პერიოდში სრულად გავაცნობიერეთ, რომ ქართველ ერს აქვს სუვერენული უფლებები და მოვიპოვეთ კიდეც დამოუკიდებლობა, მაგრამ არ გვიპოვია შინაგანი თავისუფლება, ჩვენ ისევ საკუთარი არსების გარკვევის უმძიმეს პროცესში ვართ.

ვართ ფორმალურად და გარეგნულად სუვერენულნი, მაგრამ ჩვენი თავი ჩვენადვე კი არ გვეყუდნის, არამედ ჩოყლაყს მივებარენით. მან წარიტაცა ჩვენი სუვერენიტეტი და ახლა სურს საბოლოოდ აგვართვას არჩევანის უფლება. ამას იმიტომ ბედავს, რომ არა ვართ გარკვეულნი – არა გვაქვს კონსტიტუცია. კონსტიტუცია ლათინურად გარკვევას, დადგენას ნიშნავს და მეტს არაფერს. ძალიან ნიშანდობლივია, რომ ივანიშვილის უმთავრესი პოლიტიკური გზავნილიც სწორედ საკონსტიტუციო რეფორმას გულისხმობდა. ეს კიდევ ერთი მსგავსებაა ასარჩევ და 28 ოქტომბერს პირველად არჩეულ პარლამენტებს შორის, რადგან ფაქტიურად, ორივე ამ საკანონმდებლო ორგანოს არსებითად დამფუძნებელი კრების სტატუსი აქვს. 28 ოქტომბერს არჩეულმა პარლამენტმა მიიღო დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი, რითაც საკუთარი დამფუძნებელი ფუნქცია ნაწილობრივ მაინც შეასრულა. მაგრამ მან ვერ მოასწრო ქართული კოსტიტუციის მიღება. დამფუძნებელი კრება რომ შედგეს, 28 ოქტომბრის ტრადიცია რომ გაგრძელდეს, კვლავ სახეზე უნდა იყოს სუვერენიტეტის მატარებელი უმთავრესი სუბიექტი – ქართველი ხალხი და გაბატონდეს მისი ნება: გაარკვიოს, დაადგინოს საკუთარი პოლიტიკური და სამოქალაქო ცხოვრება, კონსტიტუციის ჩარჩოებში მოაქციოს ყველა ხელისუფლებაც და მთლიანად საკუთარი თავიც.

თვითგამორკვევის, ნამდვილი კონსტიტუციის გარეშე არ დაიძლევა ე.წ. ექსისტენციური კრიზისი (ეს ტერმინი გადამდგარმა ჩოყლაყმა 2007 წლის ნოემბერში გამოიყენა, იმ დროს როცა ეს კრიზისი მას პირადად დაემუქრა), რომელმაც სხვადასხვა „ნაცნობი“ სახე შეიძლება მიიღოს – დღევანდელი ჩოყლაყიზმის, შევარდნაძის კორუმპირებული რეჟიმის, „სახელმწიფო საბჭოს“ დროინდელი ანარქიის, ანდა, ღმერთმა გვაშოროს და ჯერაც „უცნობი“ სახით მოგვევლინოს – ვთქვათ, პლუტოკრატიული დიქტატურის ფორმით.  ასეთი კრიზისის გადალახვა, რაც უკვე 20 წელია მძვინვარებს, პირველ ყოვლისა, ქართველი ხალხის, მისი პოლიტიკური და სამოქალაქო სუბიექტების ასპარეზის გახსნას, საზოგადოების მიერ  წართმეული საჯარო სივრცის დაბრუნებას უკავშირდება. ეს პროცესი კი ყველგან და ყოველთვის ქუჩიდან იწყება და პარლამენტის დაბრუნებით მთავრდება.

საზოგადო ასპარეზის გასახსნელად და ქართული სახელმწიფოს დასაფუძნებლად წართმეული ქუჩაც უნდა დავიბრუნოთ, მედიაც და პარლამენტიც. უნდა დავიბრუნოთ  ყოველგვარი რევოლუციის გარეშე, საკუთარ უფლებათა გაცნობიერებითა და დაცვით. ეს იქნება საწინდარი, რომ ნამდვილი კონსტიტუციით საბოლოოდ დავიმკვიდროთ სახელმწიფოებრიობა; ხოლო ყველა აქამდე არსებული თუ თავის რიგს მომლოდინე ბელადის დასაცინად კი წელში გამართულებმა ვთქვათ – რაც გინახავს, ვეღარ ნახავ, ჩოყლაყ!