ლადო ვარძელაშვილს ბრალს დღეს წაუყენებენ

ლადო ვარძელაშვილს ბრალს დღეს წაუყენებენ

სპორტისა და ახალაგაზრდობის საქმეთა ყოფილ მინისტრ ლადო ვარძელაშვილს ბრალს დღეს წაუყენებენ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ადვოკატმა გოგიტა გაბაიძემ განუცხადა .
"ლადო ვარძელაშვილისთვის ბრალის წაყენების 48-საათიანი ვადა ხვალ დილით იწურება, თუმცა მის შემთხვევაში ეს დღეს მოხდება", - აღნიშნა გაბაიძემ.

მისივე განმარტებით, ვარძელაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლით ედება, რომელიც იარაღის უკანონო შენახვას გულისხმობს.

სამართალდამცველებმა სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრი და მასთან ერთად ორი პირი - ზვიად ქავთარაძე და ვახტანგ ბიჭიკაშვილი გუშინ, ვარძელაშვილის საცხოვრებელ სახლში მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ დააკავეს.

შსს-ის ინფორმაციით, 2013 წლის 22 თებერვალს, ღამით, დაკავებულები მეგობრებთან ერთად, ნუცუბიძის ქუჩაზე, ვლადიმერ ვარძელაშვილის საცხოვრებელ ბინაში სტუმრად იმყოფებოდნენ.

ვლადიმერ ვარძელაშვილმა საკუთარი იარაღის კოლექციის დასათვალიერებლად მეგობრები გვერდით ოთახში გაიყვანა. მან ზვიად ქავთარაძეს საჩვენებლად "ტეტე"-ს სისტემის პისტოლეტი მიაწოდა, რა დროსაც ამ უკანასკნელს იარაღი გაუფრთხილებლობით გაუვარდა და ტყვია მოპირდაპირედ მდგარ დევი სირაძეს გულ-მკერდის არეში მოხვდა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ზვიად ქავთარაძე ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ იარაღი რეგისტრირებული იყო ვლადიმერ ვარძელაშვილის ნათესავის სახელზე, რომელმაც 2010 წელს აღნიშნული პისტოლეტი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილ მინისტრს საჩუქრად გადასცა. გამოძიებას აწარმოებს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს 1-ლი განყოფილება", - აღნიშნულია შსს-ის განცხადებაში.