მიხეილ სააკაშვილი - მერაბიშვილის დანიშვნა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რადგან ბრძოლის ხაზი მერიაზე გადის

მიხეილ სააკაშვილი - მერაბიშვილის დანიშვნა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რადგან ბრძოლის ხაზი მერიაზე გადის

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დედაქალაქის მერის, გიგი უგულავას მიერ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ წაყენებულ ბრალდებებს "სიტყვების რახა-რუხად" აფასებს. 

"სინამდვილეში ეს სიტყვების რახა-რუხია, რაც მოვისმინე, ვერ ამბობენ, რომ ვინმემ რამე სახლში წაიღო. სიტუაცია კონკრეტულია, მიდის ძალიან ცუდი ტენდენცია. ეს არ ეხება მხოლოდ თანამდებობის პირებს, ზოგადად სამართლებრივი სისტემის უმძიმესად გამოყენება ხდება და ესაა დამანგრეველი. 25 ათასი ადამიანი ჰყავთ დასაკითხ სიაში, ასეთი რამ არც ერთი ქვეყნის, თვით რუსეთის მაგალითზეც არ გამიგია", - განაცხადა პრეზიდენტმა გადაცემა "აქცენტრებში" საუბრისას.

ამასთან, ის გიგი უგულავას მიერ პირველი ვიცე-მერის თანამდებობაზე სევდია უგრეხელიძის, ვიცე-მერის პოსტზე კი ვანო მერაბიშვილის დანიშვნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თუკი თბილისის მთავრობისთვის გიგი უგულავას ჩამოშორება მოხდება, მერის პოზიციას ავტომატურად უგრეხელიძე დაიკავებს.

"ახლა ბრძოლა მიდის ძალაუფლებისთვის, ხელების გადაწევის პოლიტიკას ნაკლები კავშირი აქვს ხალხის ინტერესებთან, მთავრობაში ფიქრობენ, რომ ძალაუფლება იქამდე არ ექნებათ, თუ ამ სასახლეში და ადგილობრივ მთავრობებში არ დაჯდებიან. ამ ფონზე სევდია უგრეხელიძის დანიშვნა პირველ მოადგილედ ნიშნავს იმას, რომ თუ ისინი შეეცდეებიან გიგი უგულავას ჩამოცილებას ამ თანამდებობიდან, მაშინ მერი ავტომატურად ხდება სევდია უგრეხელიძე. იმედია ეს სიტუაცია არ დადგება და იმედია სასამართლო ობიექტურად იმსჯელებს, მაგრამ სევდია ფუნდამენტურად სწორად მოაზროვნე ქალბატონია, ვხედავდი, რომ ზეწოლების მიუხედავად, მას ღირსეულად ეჭირა თავი. რაც შეეხება ვანო მერაბიშვილის დანიშვნას, რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რადგან ახლა ბრძოლის ხაზი გადის თბილისის მერიაზე", - აღნიშნა სააკაშვილმა.