მაია ფანჯიკიძე მიიჩნევს, რომ ვანო მერაბიშვილის განცხადება ღიმილს იწვევს

მაია ფანჯიკიძე მიიჩნევს, რომ ვანო მერაბიშვილის განცხადება ღიმილს იწვევს

ღიმილს იწვევს განცხადება, რომ დემონსტრაცია უნდა შედგეს იმისთვის, რომ ქვეყანა არ წავიდეს არასწორი მიმართულებით, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს ვანო მერაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადების კომენტირებისას განუცხადა. 

ფანჯიკიძის თქმით, დემონსტრაციის, მიტინგის და აზრის გამოხატვის უფლება აქვს საქართველოს ყველა მოქალაქეს; ყველა პარტიულ ძალას აქვს უფლება მოუწოდოს მოსახლეობას შეკრებისკენ ამა თუ იმ აზრის გამოსათქმელად.

"მე ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ და წარმატებებს ვუსურვებ თავისი აქციის მოწყობაში. რაც შეეხება საქართველოს საგარეო კურსს, ცოტა გაუგებრობას და ღიმილს იწვევს ჩემში განცხადება, რომ ეს დემონსტრაცია უნდა შედგეს იმისთვის, რომ საქართველო არ წავიდეს არასწორი მიმართულებით. საქართველო მიდის სწორი მიმართულებით, საგარეო პოლიტიკის კუთხით, ჩვენთვის ევროპული გზა არის ერთადერთი გზა. მე ალბათ რაც საგარეო საქმეთა მინისტრი ვარ, დღე არ გასულა რომ მე არ დამედასტურებინა არა მარტო სიტყვით, არამედ საქმითაც", - აქედან გამომდინარე მან არ იცის ამ მოწოდებას რამდენი ხალხი გამოეხმაურება, თუმცა აღნიშნა, რომ ზოგადად ხალხის აზრის თავისუფლად გამოხატვას მიესალმება და როგორც ფანჯიკიძე აცხადებს, ახალი მთავრობა სწორედ ამ თავისუფლებას ჰპირდებოდა ხალხს.

"მთავრობა სწორედ ამ თავისუფლებას ჰპირდებოდა ხალხს, რომ მათ ექნებოდათ დემოკრატიული ცხოვრების და აზრის თავისუფლად გამოხატვის საშუალება და მათ პოლიტიკური შეხედულებისთვის არავინ დასჯიდა. ამის გარანტიას იძლევა ეს მთავრობა და აქედან გამომდინარე, ვერაფერს ვხედავ განსაკუთრებულს იმაში, რომ რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ ხალხს აქციისკენ მოუწოდოს", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" პარტიის გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" "საქართველოს პატრიოტებს" 19 აპრილს, 16:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ მიტინგზე იწვევს.

მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები იწყებენ რეგიონებში ჩასვლას და თბილისის ყველა უბანში მოსახლეობასთან შეხვედრას, რათა ხელისუფლებას დაანახონ, რომ "ხალხის ნება ურყევია, საქართველოს მომავალი კი არის დასავლეთისკენ და არა რუსეთისკენ".