თეიმურაზ მურვანიძე ვანო მერაბიშვილის განცხადებას პროვოკაციად აფასებს

თეიმურაზ მურვანიძე ვანო მერაბიშვილის განცხადებას პროვოკაციად აფასებს

პარტია "საქართველოს გზის" თავმჯდომარე, თეიმურაზ მურვანიძე "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის, ვანო მერაბიშვილის განცხადებას , 19 აპრილს აქციის გამართვასთან დაკავშირებით მორიგ პროვოკაციად აფასებს. 

ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს.

"საქართველო არჩევანის წინაშე დგას არა დღეს, არამედ იდგა პირველ ოქტომბერს და ქვეყანამ ზუსტად მაშინ აირჩია საკუთარი განვითარების გზა, რომელიც ევროპაზე და ნატო-ზე გადის, ამ კურსის ურყევობა ახალი ხელისუფლების მრავალჯერადი განცხადებებითაც დასტურდება. ჩვენი ქვეყნის ევროპული მიმართულება არა მხოლოდ რომელიმე მთავრობის, არამედ ქართველი ერის მყარი არჩევანია", - აცხადებს მურვანიძე.

მისი თქმით, საზოგადოებამ ზუსტად უნდა განსაზღვროს "ნაციონალური მოძრაობის" ფსევდო–პატრიოტული განცხადებები, რომლებიც მხოლოდ მათი, საზოგადოების თვალში შეუქცევადად კომპრომეტირებული პოლიტიკური ჯგუფის პიარს ემსახურება და კარგად გააცნობიერონ, რომ ვანო მერაბიშვილის, მიხეილ სააკაშვილის და სხვა რევანშისტების ერთადერთი მიზანი არის ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირება.

"იმის მაგივრად, რომ ეხლა მაინც დაიწყონ სახელმწიფო ინტერესებით მოქმედება, ისინი ცდილობენ საზოგადოებასთან დააპირისპირონ პოლიტიკურად და სხვა, ვიწრო ინტერესებით ანგაჟირებული ჯგუფები, რათა მერე ამას სამოქალაქო დაპირისპირების ელფერი მისცენ", - აცხადებს მურვანიძე.

მისი თქმით, ქვეყანა დგება ნორმალური განვითარების გზაზე და ყველა ადამიანმა ზუსტად უნდა განსაზღვროს ქვეყნის წინაშე მდგარი საფრთხეები.

"მე არ მჯერა ვანო მერაბიშვილის ჩეგევარობის, არც მათი პატრიოტობის და არც იმის, რომ მათ ქვეყნის გადარჩენა სურთ. თუ მათ ეს სურვილი ჰქონდათ, ამას იმ 9 წლის მანძილზე გააკეთებდნენ, რაც ხელისუფლებაში იყვნენ. დღეს კი ზუსტად ისინი ცდილობენ ქვეყნის წარსულში დაბრუნებას, იმ წარსულში, როდესაც საქართველო ორად იყო გახლეჩილი", - აცხადებს მურვანიძე.