დავით კირვალიძე - ხალხს აწვდიან ცრუ ინფორმაციას, თითქოს ბარათების აღების შემთხვევაში ფულის დაბრუნება მოუწევთ

დავით კირვალიძე - ხალხს აწვდიან ცრუ ინფორმაციას, თითქოს ბარათების აღების შემთხვევაში ფულის დაბრუნება მოუწევთ

რაიონებსა და სოფლებში ხალხს აწვდიან ცრუ ინფორმაციას, თითქოს სასოფლო-სამეურნეო ბარათების აღების შემთხვევაში მათ შემოდგომაზე ფულის უკან დაბრუნება მოუწევთ , - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით კირვალიძემ სამინისტროში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა. 

როგორც დავით კირვალიძემ აღნიშნა, სამინისტროში შესულია არაერთი სიგნალი მსგავსი შინაარსის ინფორმაციის გავრცელების ფაქტებთან დაკავშირებით, ხოლო იმ სოფლებში, სადაც ფაქტები დაფიქსირდა, გაგზავნილია რეაგირებისა და მონიტორინგის ჯგუფები.

"დღეს მოვერიდები კონკრეტული სახელებისა და გვარების დასახელებას. ამ ინფორმაციას საზოგადოებას მონიტორინგის დასრულების შემდეგ გავაცნობთ. მინდა გავაფრთხილო ყველა ის ადამიანი თუ სტრუქტუტრა, რომელიც სოფლის მეურნეობის საგაზაფულო პროგრამის მიმდინარეობის ხელოვნურ დაბრკოლებას ცდილობს, რომ თითოეულ ასეთ შემთხვევას მიეცემა უმკაცრესი შეფასება და მოყვება შესაბამისი რეაგირება", - განაცხადა დავით კირვალიძემ.

ამასთან, სოფლის მეურნეობის მინისტრმა დასძინა, რომ სასოფლო-სამეურნეო ბარათებით გამოყოფილი დახმარება არის უსასყიდლო. ამასთან, მთელი სამუშაო გეგმა გაწერილია და პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებულ პროგრამას ჰყავს ერთადერთი მიმღები გლეხებისა და ფერმერების სახით.
"სოფლის საგაზაფხულო პროგრამა არ შეიძლება გახდეს პოლიტიკური დაპირისპირების, საბოტაჟის ასპარეზი და ჩვენ ერთად უზრუნველვყოფთ ჩვენი სოფლის გაძლიერებას", - განაცხადა მინისტრმა.