კობა დავითაშვილი:

კობა დავითაშვილი: "ნაციონალები" აპრილში გადატრიალების ორგანიზებას შეეცდებიან

დეპუტატ კობა დავითაშვილის აზრით, "ნაციონალური მოძრაობა" სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებას აპრილში შეეცდება , როცა პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვის კონსტიტუციური უფლებამოსილება ეძლევა.

სწორედ ასე აფასებს დავითაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" მიერ 19 აპრილისთვის დაგეგმილ მიტინგს, რომლის თაობაზეც განცხადება დღეს პარტიის გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა გააკეთა.

"მას შემდეგ, რაც "ქართულმა ოცნებამ" წინასაარჩევნო დაპირებების შესრულება დაიწყო, რაც სოფლის მოსახლემ იგრძნო, რას ნიშნავს ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლა, წყალწაღებული "ნაციონალური მოძრაობა" ხავსს ეჭიდება და ცდილობს სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის ორგანიზებას აპრილში, როცა პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნის კონსტიტუციური უფლებამოსილება ეძლევა. მე მინდა ვუთხრა სააკაშვილს, მერაბიშვილს და "ნაციონალურ მოძრაობას" - სცადეთ ბატონებო და თქვენ მიიღებთ სრულ, ამომწურავ და ადეკვატურ პასუხს ქართველი ერისგან", – აცხადებს კობა დავითაშვილი.