კახა კოჟორიძე - მივიღეთ ბევრი ისეთი ინფორმაცია, რომელსაც კარგი იქნებ, თუ პროკურატურა საზოგადოებას მიაწვდის

კახა კოჟორიძე - მივიღეთ ბევრი ისეთი ინფორმაცია, რომელსაც კარგი იქნებ, თუ პროკურატურა საზოგადოებას მიაწვდის

მთავარი პროკურატურა ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებული ვიდეომასალის შესწავლას უცხოელი კოლეგების დახმარებით გეგმავს, - ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ კახა კოჟორიძემ მთავარი პროკურორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

"მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა, რომ პროკურატურა გეგმავს, ეს მასალა უცხოელი კოლეგების დახმარებით შეისწავლოს, ანუ ექსპერტების დახმარებით გასცეს პასუხი იმას, თუ რამდენად ავთენტური მასალაა და მერე გადაწყდება ამ მასალის გამოყენება-არ გამოყენების საკითხი", - განაცხადა კახა კოჟორიძემ. მისივე თქმით, მთავარ პროკურორთან შეხვედრისას არაერთ საკითხზე იმსჯელეს და საუბარი საკმაოდ ღია იყო. როგორც კოჟორიძე აღნიშნავს, არასამთავრობოების მხრიდან იყო კითხვები თენგიზ გუნავას, ციხის სკანდალის გამოძიებასა და ჭიდაობის ფედერაციაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებითაც.

"მივიღეთ ბევრი ისეთი ინფორმაცია, რომელსაც კარგი იქნება თუ პროკურატურა საზოგადოებას მიაწვდის. მაგალითად, ის რომ ციხის კადრებთან დაკავშირები პროკურატურის მიერ 2 000 პატიმარი იყო დაკითხული, ცნობილი არ იყო. პროკურატურას ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი მუშაობა აქვს დაწყებული", - განაცხადა კახა კოჟორიძემ.

მისივე თქმით, არასამთავრობოები დაინტერსდნენ ჭიდაობის ფედერაციაში განვითარებული მოვლენებითაც და მთავარმა პროკურორმა მათთან შეხვედრისას განმარტა, რომ იმ ადამიანებმა, ვინც მედიის საშუალებით გარკვეული განცხადებები გააკეთეს, გამოძიების პროცესში "რაღაცები უარყვეს" და ექსპერტიზაზე უარი თქვეს.

არასამთავროებებისა და მთავარი პროკურორის შეხვედრა დღეს თითქმის სამი საათის განმავლობაში გაგრძელდა. შეხვედრა მთავარი პროკურორის ინიციატივით შედგა და იგეგმება მსგავსი შეხვედრები რეგულარულად გაიმართოს.