კასპის საკრებულოსთან აქცია მიმდინარეობს

კასპის საკრებულოსთან აქცია მიმდინარეობს

კასპის საკრებულოსთან საკრებულოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის გადადგომის მოთხოვნით აქცია იმართება. 

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, დავით მესროფაშვილს და გიორგი გოგოლაურს აქციის მონაწილეები კორუმპირებულობაში, მოსახლეობაზე ზეწოლაში და რაიონის ერთპიროვნულად მართვაში ადანაშაულებენ. აქციას საკრებულოს რამდენიმე დეპუტატიც შეუერთდა.

დავით მესროფაშვილი აქციის მონაწილეების ბრალდებებს არ გამოხმაურებია. მისი მოადგილე გიორგი გოგოლაური კი ითხოვს, აქციის მონაწილეებმა მოთხოვნებს 50 ადამიანის ხელმოწერა დაურთოს. საკრებულოსთან შეკრებილების განცხადებით, 50-კაციან ხელმოწერას გოგოლაურს რამდენიმე წუთში წარუდგენენ.

ამასთან, გოგოლაურმა განაცხადა, რომ აქცია ირაკლი ალასანიას ნათესავის, გიორგი ბესტავაშვილის ინსპირირებულია და შეკრებილთა უმრავლესობა "ბესტავაშვილის ნარკომანი მეგობრები იყვნენ". საპასუხოდ, გიორგი ბესტავაშვილმა აღნიშნა, რომ ასეთივე ბრალდების გამო მან კასპის გამგებელ ოლეგ იაძის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი უკვე შეიტანა.

გიორგი ბესტავაშვილი არც იმას გამორიცხავს, რომ გოგოლაური ციხეში აღმოჩნდეს და "მერე იქ მოუწევს გარკვევა პატიმრებს შორის, ვინ არის ნარკომანი და ვინ არა".