2014 წლის არჩევნების შემდეგ გუბერნატორების ინსტიტუტის გაუქმება იგეგმება

2014 წლის არჩევნების შემდეგ გუბერნატორების ინსტიტუტის გაუქმება იგეგმება

2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების შემდეგ გუბერნატორების ინსტიტუტის გაუქმება იგეგმება , - ამის შესახებ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ განაცხადა. 

მისი თქმით, კანონით განისაზღვრება სამხარეო ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეულების ფორმირება, სამხარეო დონეზე დაინერგება სამხარეო თვითმმართველობის ძირითადი ელემენტები, რაც გულისხმობს წარმომადგენლობითი ორგანოს შექმნას. ნარმანიას ინფორმაციით, ეს ორგანო იქნება ფორმირებული პირველ დონეზე არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისგან. მხარეს ეყოლება აღმასრულებელი ხელისუფლება, რომლის ხელმძღვანელიც იქნება ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. ამ პოსტზე სამხარეო საბჭო სამ კანდიდატურას დაასახელებს და შემდეგ მთავრობას წარუდგენს, ხოლო მთავრობა აქედან ერთ-ერთს დაამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე.

"როდესაც ჩატარდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და შესაბამისი კანონმდებლობა შევა ძალაში, გუბერნატორის ინსტიტუტი გაუქმდება და გაცილებით უფრო დემოკრატიული ინსტიტუტი იქნება შემოღებული", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

როგორც დავით ნარმანიამ განაცხადა, ორშაბათიდან დაიწყება 2013-2014 წლების საქართველოს მთავრობის დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების სტრატეგიის ძირითადი პრინციპების სახალხო განხილვები.