ექსპერტი:  ბუტა რობაქიძესთან დაკავშირებით გავრცელებული ვიდეომასალა მონტაჟია

ექსპერტი: ბუტა რობაქიძესთან დაკავშირებით გავრცელებული ვიდეომასალა მონტაჟია

ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებული ვიდეომასალა, რომელიც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, აშკარა მონტაჟია. ამის შესახებ განცხადება დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის აუდიო და ვიდეო ჩანაწერების ექსპერტ ფონოსკოპისტმა, მარიკა ტოკლიკიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. 

ექსპერტის განცხადებით, ერთი შეხედვითაც კი ჩანს რამდენიმე მნიშვნელოვანი ცდომილება, რაც მიანიშნებს, რომ მასალა უწყვეტი არ არის. კერძოდ, მისი თქმით, პირველი უზუსტობა იკვეთება იმ მომენტში, როცა ისმის გასროლის ხმა. ექსპერტის შეფასებით, ამ დროს იარაღი აღმართულია მაღლა და შეუძლებელია, ასეთი ტრაექტორიით გასროლილი ტყვია ვინმეს მოხვედროდა. მისი თქმით, ამ მომენტში ხმა და კადრი ერთმანეთს არ ემთხვევა. ტოკლიკიშვილის განმარტებით, მონტაჟი ვლინდება მასალის მე-11 წამზეც - ამ დროს კადრი გაჭრილია და მისი ცვლილება ხდება.

ამასთან, როგორც მარიკა ტოკლიკიშვილმა განაცხადა, მასალას გასდევს სპეციალურად დადებული ფონური ხმაური.

გარდა კადრების ტექნიკური ანალიზისა, დღევანდელ ბრიფინგზე დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის ექსპერტებმა მასალა ფსიქოლოგიური კუთხითაც შეაფასეს. მათი განცხადებით, პოლიციელების ქცევა არაადეკვატურია, აშკარაა, რომ მათი რეაქციები არ ჰგავს რეალურად აფექტში მყოფი ადამიანის ქცევას. ექსპერტების შეფასებით, პოლიციელებს არ აქვთ ადეკვატური რეაქცია გასროლის მომენტში და გარდა ამისა, მათ გამოთქმებში და ქცევაში იკვეთება, რომ "კამერაზე მუშაობენ".