ბუტა რობაქიძის მამიდა გურამ დონაძის მხრიდან მუქარას იხსენებს

ბუტა რობაქიძის მამიდა გურამ დონაძის მხრიდან მუქარას იხსენებს

ბუტა რობაქიძის მამიდა, ქეთევან რობაქიძე გურამ დონაძის მხრიდან მუქარას იხსენებს და მის ბოლოდროინდელ განცხადებებს სიცრუეს უწოდებს. როგორც ქეთევან რობაქიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ბუტა რობაქიძის პანაშვიდების პერიოდში მან ქალაქის ტელეფონით დონაძეს დაურეკა, რასაც მუქარა მოჰყვა.

"იმ პერიოდში ტელევიზიით ხშირად მოიხსენიებდნენ ბუტას ყაჩაღად. ჩვენ გვქონდა დონაძის ტელეფონი, ჩემმა მეუღლემ ბუტას სახლიდან დაურეკა და დონაძემ უთხრა, გადავამოწმებ ინფორმაციას და სწორი რაც იქნება, იმას გავაშუქებო. თუმცა ტელევიზია ისევ ყაჩაღებად მოიხსენიებდა ბუტას და სხვა ახალგაზრდებს. ვეღარ მოვითმინე და საკუთარი სახლიდან დავურეკე და ვკითხე, რატომ ავრცელებდნენ ასეთ ცრუ ინფორმაციას, როდესაც ბავშვს საერთოდ არ იცნობდნენ და მის შესახებ არაფერი იცოდნენ. მოგეკითხათ მისი სწავლის შესახებ ინფორმაცია, გაგეკითხათ მეგობრებში, რა კაცური და რა ადამიანური საქციელია ეს-მეთქი - ვუთხარი დონაძეს. ამის შემდეგ ტელეფონი გავთიშე. მალევე დონაძემ დამირეკა და შეურაცხმყოფელი სიტყვებით დამემუქრა, ისეთი სიტყვებით, რომ ვერ გავიმეორებ", - იხსენებს ქეთევან რობაქიძე.

მისივე თქმით, ამის შემდეგ დაახლოებით 20 წუთში, სამი მამაკაცი მის სახლთან მივიდა და კარის გაღებას ითხოვდა.

"მეკითხებოდნენ, დონაძესთან აქედან დარეკეთო? არ დამიმალავს, ვუთხარი კი-მეთქი. მაშინ კარი გაგვიღეთ, უფროსს თქვენთან გასაუბრება აინტერესებსო. შემეშინდა, სახლში მარტო ვიყავი და მეზობელს დავურეკე – გამოიხედეთ-მეთქი. მხოლოდ ამის შემდეგ გავაღე კარი. სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ადამიანები მთხოვდნენ გაყოლას. ამაზე უარი ვთქვი და მათ უფროსი დამალაპარაკეს. ე.წ. უფროსმა მითხრა, გავყოლოდი ამ ადამიანებს, რადგან რაღაცის შემოწმება სურდათ. მათ ვუთხარი, ვინც ვიყავი. მანამდე დონაძემაც არ იცოდა, რომ ბუტას მამიდა ვიყავი. ამ მამაკაცებს ავუხსენი, თუ რატომ დავრეკე დონაძესთან. ვთხოვე წამოსულიყვნენ კეკელიძის #21-ში და ენახათ, რა გამწარებულები ვიყავით. ეს ამბავი რომ მოვუყევი, შეწუხდნენ და იქით შეუკურთხეს იმათ - ვინც ჩვენ აქ გამოგვიშვაო. მათ ბოდიშები მიხადეს", - იხსენებს ქეთევან რობაქიძე.

ამასთან, ბუტა რობაქიძის მამიდა გურამ დონაძის ბოლოდროინდელ განცხადებებს აფასებს და ამბობს, რომ მისი არაფერი სჯერა.

"როგორ შევაფასო, რამდენნაირი ტყუილი თქვა. ჯერ ამბობდა, ბუტას იარაღი ჰქონდაო, მერე არ ჰქონდაო, მერე აცხადებდა - იმ დღეს სპეცოპერაციაზე არ ვიყავი, ბილეთი მაქვს, რომ გერმანიაში ვიყავიო. რომელი შეიძლება დავიჯეროთ", - აცხადებს ქეთევან რობაქიძე.