თეა წულუკიანი - აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში მკითხეს, როგორ მიდის გირგვლიანის საქმის გამოძიება

თეა წულუკიანი - აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში მკითხეს, როგორ მიდის გირგვლიანის საქმის გამოძიება

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრები გაიმართა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს. 

მინისტრის განცხადებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში დიდი ინეტრესია იმ რეფორმებისადმი, რომლებსაც საქართველოს იუსტიციის სამინისტრო დღეს ახორციელებს. საუბარია მართლმსაჯულების და შრომის კანონმდებლობის რეფორმებზე, ასევე - მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელი კომისიის შესახებ კანონზე, რომელიც იუსტიციის სამინისტროში მომზადდა.
"სახელმწიფო დეპარტამენტში დიდი ინტერესი გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და მთავარი პროკურატურა ცდილობს, ხელი შეუწყოს ყოფილი მაღალი თანამდებობის პირთა სასამართლო პროცესების გამჭვირვალობას. მათ წინ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასეს ის, რომ ჩვენი ხელისუფლება მედიას აძლევს საშუალებას, პროცესები თავისუფლად გააშუქოს", - განაცხადა წულუკიანმა.

მისივე თქმით, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში ობიექტურ ინფორმაციას ფლობენ დღეს საქართველოში მიმდინარე პროცესებთან, მათ შორის - სამართლიანობის აღდგენის საკითხებთან დაკავშირებით და ამერიკული მხარის შეფასებითი მსჯელობა სრულიად ობიექტურია.

"აღსანიშნავია, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი დაინტერესებულია ე.წ. გახმაურებული საქმეების გამოძიების შედეგებით. აქ პირდაპირ მკითხეს, როგორ მიდის სანდრო გირგვლიანის საქმის გამოძიება. მათ კარგად ახსოვთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობილი ფრაზა იმის შესახებ, რომ ყველამ პირი შეკრა, პრეზიდენტიდან დაწყებული, პროკურატურით დასრულებული, რათა საქმეზე მართლმსაჯულება არ განხორციელებულიყო", - განაცხადა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრი სახელმწიფო დეპარტამენტში ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მოადგილის თანაშემწეს, ერიკ რუბინს; დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში ასევე მოადგილის თანაშემწე თომას მელიას შეხვდა.

თეა წულუკიანის მონაწილეობით სახელმწიფო დეპარტამენტში სტურქტურათაშორისი მრგვალი მაგიდაც გაიმართა, რომელსაც თეთრი სახლის სახელმწიფო დეპარტამენტის, იუსტიციის დეპარტამენტის, ვიცე-პრეზიდენტის ოფისის, თავდაცვის დეპარტამენტის და საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.