ადვოკატი:  ზურაბ მიქაძეს ბუტა რობაქიძის საქმეზე ჩვენება ზეგავლენით მიაცემინეს

ადვოკატი: ზურაბ მიქაძეს ბუტა რობაქიძის საქმეზე ჩვენება ზეგავლენით მიაცემინეს

საპატრულო პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსის ზურაბ მიქაძის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ამირან (ბუტა) რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით დაწყებული ხელახალი გამოძიების პროცესში ჩვენება ზეგავლენით მიაცემინეს.

როგორც ადვოკატი კობა კობახიძე ტელეკომპანია "მაესტროსთან" საუბარში აცხადებს, მიქაძე გამომძიებლებმა მოატყუეს და უთხრეს, რომ საქმის ხანდაზმულობიდან გამომდინარე, პასიხისმგებლობისგან გათავისუფლდებოდა.

"ზურაბ მიქაძეს ერთადერთი ჩვენება აქვს მიცემული და ეს მოხდა 2012 წელს, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდგომ. როცა მე დამირეკა და დაცვა მთხოვა, პროკურატურაში მისულს ასეთი სცენა დამხვდა - ბატონ ზურაბს უკვე მოყოლილი ჰქონდა ზოგიერთი ფაქტი, მის წინ გადაშლილი იყო საქმის მასალები, აჩვენეს ზოგიერთი პატრულის ჩვენება, რომელიც მას "პირზე ადგებოდნენ" და მის საწინააღმდეგო ჩვენებებს იძლეოდნენ. გარდა ამისა, აჩვენეს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ძველი რედაქცია და 71-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც, საქმე ხანდაზმული იყო და თუ ის ჩვენებას მისცემდა, გათავისუფლდებოდა პასუხისმგებლობისგან, ანუ იგი ჩემს მისვლამდე შეცდომაში იქნა შეყვანილი, ამას ჰქვია გარკვეული ზეგავლენა გამოძიების მხრიდან დასაკითხ პირზე. ეს არაა იძულება და ძალის გამოყენება, მაგრამ ამას ჰქვია მოტყუება. უკანონო ქმედებად უნდა მოვიაზროთ ის, რომ დასაკითხ კაცს აჩვენებ სხვების ჩვენებები, რომელზეც ხელმოწერა მართლა მათ ეკუთვნოდათ, ან მართლა თქვეს თუ არა ის, რაც ჩვენებებში ეწერა, არავინ იცის", - განაცხადა ადვოკატმა.

მისივე განმარტებით, ზურაბ მიქაძის პოზიციაა, რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ვიდეომასალა რეალობას ასახავს.

"ხოლო რაც მან გამოძიებასთან თქვა, ეს იყო ზეგავლენით მიცემული ჩვენება", - აღნიშნა მიქაძემ.

ამასთან, ადვოკატის განმარტებით, გამოძიების მიერ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მოტყუების გამო, საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართეს. რაც შეეხება 2004 წლის 24 ნოემბერს, ზურაბ მიქაძის მიერ გადაცემა "პატრულის" ჟურნალისტთან გაკეთებულ კომენტარს, ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი საუბრისას სხვების მიერ მოყოლილ ფაქტებს ეყრდნობოდა.