რიჩარდ ნორლანდი ჟურნალისტური სკოლის კურსდამთავრებულების გამოსაშვებ საღამოს უმასპინძლებს

რიჩარდ ნორლანდი ჟურნალისტური სკოლის კურსდამთავრებულების გამოსაშვებ საღამოს უმასპინძლებს

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი დღეს მულტიმედია ჟურნალისტური სკოლის კურსდამთავრებულების გამოსაშვებ საღამოს უმასპინძლებს. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" ღონისძიების ორგანიზატორებმა აცნობეს, რიჩარდ ნორლანდი დღეს "რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლების" მედიასკოლის ერთწლიანი სასერტიფიკატო პროგრამისა და ორთვიანი სტაჟირების პროგრამის სტუდენტების გამოსაშვებ საღამოს უმასპინძლებს.

რადიო "თავისუფლების" მედიასკოლა დამოუკიდებელი მედიის განვითრების პროგრამაა, რომელიც დაარსდა ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID -ის ხელშეწყობით, G-MEDIA პროგრამის ფარგლებში. G-MEDIA პროგრამა ოთხწლიანი პროექტია, 12.9 მილიონიანი ბიუჯეტით, რომელსაც IREX-ი ახორციელებს.

რადიო "თავისუფლების" მედიასკოლა სთავაზობს ერთწლიან სასერტიფიკატო პროგრამას და ორთვიან სტაჟირების პროგრამას - "ისწავლე და იმუშავე რადიო თავისუფლებასთან ერთად" მათ, ვინც დაინტერესებულია ჟურნალისტური კარიერით და პროფესიული პრაქტიკით.

ორივე პროგრამა სთავაზობს სტუდენტებს უახლესი მულტიმედიური ტექნოლოგიების უნარების ათვისებასა და პრაქტიკულ სამუშაოებს, ასევე შესაძლებლობას აიმაღლონ ჟურნალისტური უნარები პრაქტიკოსი პროფესიონალების დახმარებით. თეორიასა და პრაქტიკაზე დაფუძნებულ სალექციო კურსებს უძღვებიან "რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლების" მაღალკვალიფიციური და გამოცდილი ჟურნალისტები და მათი კოლეგები პრაღის სათავო ოფისიდან.

ერთწლიანი სასერტიფიკატო პროგრამის სწავლება მიმდინარეობს განათლების მულტიმედია ცენტრში, რომელიც 2012 წლის მარტში G-MEDIA პროგრამის ფარგლებში გაიხსნა.