დავით ნარმანია მთავრობის სხდომაზე საქართველოს მთავრობის დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის სტრატეგიას წარადგენს

დავით ნარმანია მთავრობის სხდომაზე საქართველოს მთავრობის დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის სტრატეგიას წარადგენს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია ხვალ, მთავრობის სხდომაზე , საქართველოს მთავრობის დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების სტრატეგიას წარადგენს.

სამინისტროს პრესსაამსახურის ცნობით, მთავრობის მიერ სტრატეგიის მოწონების შემთხვევაში, რეგიონული განვითარების სამინისტრო, საქართველოს პარლამენტთან ერთად, შეიმუშავებს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომლითაც ქვეყანაში მოქალაქეებზე ორიენტირებული თვითმმართველობის ჩამოყალიბება და რეალური დეცენტრალიზაცია განხორციელდება. რეფორმის პროცესში, ჩაერთვებიან, აგრეთვე, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

სტრატეგიის პრინციპები განსაზღვრავს რეფორმის ზოგად პოლიტიკას და, აგრეთვე, მოიცავს 2013-2014 წლებში განსახორციელებელ ღონისძიებებს.

"ქვეყანაში დღეს არსებული მაქსიმალურად ცენტრალიზებული მმართველობის სისტემა ვერ უზრუნველყოფს ვერც საზოგადოებრივი მომსახურების ადეკვატურ მიწოდებას მოსახლეობისათვის და ვერც გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობას. სიტუაცია კიდევ უფრო მძიმდება კრიზისულ პერიოდებში, როცა გაუმართავი და არაეფექტური სისტემა, არსებული გამოწვევების გადაჭრის პროცესის დარეგულირების ნაცვლად, დამატებით პრობლემებს წარმოქმნის.

საქართველოს მთავრობა დეცენტრალიზაციის პროცესს განიხილავს ქვეყანაში დემოკრატიისა და მისი შესაბამისი ინსტიტუტების დამკვიდრების საკვანძო ასპექტად. ამ მხრივ მთავრობისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს დეცენტრალიზაციის და თვითმმართველობის განვითარების მიმართულებით არსებითი რეფორმების განხორციელება, რომელმაც მართვის დემოკრატიულობა და მოსახლეობისთვის საჯარო მომსახურების მიწოდების ეფექტიანობის მნიშვნელოვანი ზრდა უნდა განაპირობოს.

რეფორმის ამოსავალი პრინციპია მოქალაქეების მაქსიმალური გააქტიურება და უშუალო ჩართულობა მართვის პროცესში. დაგეგმილი რეფორმების შედეგად თითოეულ დასახლებაში შეიქმნება საზოგადოებრივი თვითმმართველობა, როგორც მოქალაქეთა მართვაში უშუალო მონაწილეობის დემოკრატიული ინსტიტუტი. მოხდება სრულყოფილი მუნიციპალური თვითმმართველობის ტერიტორიული ოპტიმიზაცია, თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის გაზრდა და გაძლიერება ფუნქციური და მატერიალური თვალსაზრისით, სამხარეო მმართველობის დონეზე დაინერგება სამხარეო თვითმმართველობის ძირითადი კომპონენტები.

საქართველოს მთავრობა, საქართველოს პარლამენტთან ერთად, 2013 წელს განახორციელებს ძირითად საკანონმდებლო ცვლილებებს. 2013-2014 წლებში გატარდება სხვადასხვა სამართლებრივი, ტექნიკური და ორგანიზაციული ღონისძიებები, რათა 2014 წელს დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნებისთვის უზრუნველყოფილი იქნას დეცენტრალიზაციის მიმართულებით რეფორმების და არსებითად ახალი სისტემის ფორმირების მნიშვნელოვანი ეტაპი. 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდგომ ეტაპზე განხორციელდება ახლად ჩამოყალიბებული სისტემის შემდგომი სრულყოფა ინსტიტუციური, საფინანსო-ეკონომიკური, მართვის ეფექტიანობისა და დემოკრატიულობის კუთხით", - ნათქვამია რეგიონული განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.