ირაკლი ფირცხალავა ამერიკის საელჩოს თხოვნით მიმართავს, მის მიერ მოპოვებულ კადრებს ექსპერტიზა ფედერალურ საგამოძიებო ბიუროში ჩაუტარდეს

ირაკლი ფირცხალავა ამერიკის საელჩოს თხოვნით მიმართავს, მის მიერ მოპოვებულ კადრებს ექსპერტიზა ფედერალურ საგამოძიებო ბიუროში ჩაუტარდეს

დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს ყოფილი უფროსი ირაკლი ფირცხალავა ამირან (ბუტა) რობაქიძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით მის მიერ მოპოვებული კადრების ავთენტურობის დადგენას და ამ კადრებთან დაკავშირებით დაწყებული პოლიტიკური სპეკულირების შეწყვეტას ითხოვს. შესაბამისი განცხადება ფირცხალავამ მთავარ პროკურატურასთან გააკეთა, სადაც ცოტა ხნის წინ ადვოკატ დარეჯან გილაშვილთან ერთად გამოცხადდა.

როგორც ფირცხალავამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან და პროკურატურას გააცნოს ის ინფორმაცია, საიდან მოხვდა აღნიშნული კადრები მის ხელში. მისივე თქმით, აქვს ორი მთავარი მოთხოვნა აღნიშნულ მასალასთან და, ზოგადად, საქმესთან დაკავშირებით.

პირველ რიგში მისი სურვილი და მოთხოვნაა, კადრებს ჩაუტარდეს ობიექტური ექსპერტიზა და სწორედ ამ მიზნით, გარდა იმისა, რომ ექსპერტიზა ჩატარდება შესაბამის ქართულ სამსახურებში, ის აპირებს, ხვალვე, ადვოკატთან ერთად მიმართოს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს თხოვნით, რომ აღნიშნული კადრების ექსპერტიზა ჩატარდეს აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს მიერ. ფირცხალავას განმარტებით, ამის მიზანია, პირადად დარწმუნდეს და საზოგადოებამაც დაინახოს უფრო ნათლად, არ ის თუ არა აღნიშნული კადრები მონტაჟი თუ ასახავს სინამდვილეს.

პოლიციის სამმართველოს ყოფილი უფროსის მეორე მოთხოვნაა, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით შეწყდეს გარკვეული პოლიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლების მხრიდან განცხადებები, რაც, მისი შეფასებით, ზეწოლას ახდენს გამოძიებაზე; ასევე; არ განიხილებოდეს სხვადასხვა პოლიტიკურ თოქ-შოუებში ამ კადრების გავრცელება, როგორც პოლიტიკური ნაბიჯი, ვინმეს სასარგებლოდ მიმართული.

როგორც ფირცხალავა ამბობს, მისი მთავარი მიზანი, პირველ რიგში, როგორც პოლიციელის, არის ის, რომ მოიპოვა მტკიცებულება და დადგინდეს ამ მტკიცებულების ნამდვილობა.

ამასთან, მან უკმაყოფილება გამოთქვა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებული განცხადებების გამო. მათ შორის, მან დაასახელა იური ვაზაგაშვილის განცხადება და აღნიშნა, რომ ამ ადამიანს არანაირი უფლება არ აქვს ილაპარაკოს მასზე, როგორც დამნაშავეზე. ფირცხალავა აპირებს, რომ უახლოეს მომავალში იური ვაზაგაშვილის წინააღმდეგ შეიტანოს სასამართლოში სარჩელი იმ განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებიც მის ბრალდებებს უკავშირდება და ეხება თუნდაც გარდაცვლილი ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეს.

ირაკლი ფირცხალავა პროკურატურაში დაახლოებით 19.00 საათზე გამოცხადდა. მას მთავარ პროკურატურაში მთელი დღის განმავლობაში, დილის 11.00 საათიდან ელოდებოდნენ, თუმცა პროკურატურის იმ მოთხოვნის გამო, რომ ის აუცილებლად ადვოკატთან ერთად უნდა გამოცხადებულიყო დაკითხვაზე, პროცესი გაჭიანურდა. ის ვერ ახერხებდა ადვოკატის მოძიებას. საბოლოოდ, მან დროებით ადვოკატად აიყვანა დარეჯან გილაშვილი, ხოლო ხვალ თავის პირად ადვოკატს აიყვანს და მასთან ერთად განაგრძობს გამოძიებასთან თანამშრომლობას.