მიხეილ სააკაშვილი - თუ ჩვენ ამ მატარებლებიდან ჩამოგვსვეს, ჩვენი ერთადერთი მომკითხავი ჩვენი ქვეყნის დამპყრობელი, გამანადგურებელი და მიწასთან გამსწორებლები იქნებიან

მიხეილ სააკაშვილი - თუ ჩვენ ამ მატარებლებიდან ჩამოგვსვეს, ჩვენი ერთადერთი მომკითხავი ჩვენი ქვეყნის დამპყრობელი, გამანადგურებელი და მიწასთან გამსწორებლები იქნებიან

ამ წლების შრომის შედეგად ვვარაუდობდი, პრეზიდენტობას დავასრულებდი იმით, რომ ვილნიუსის სამიტზე მოლოდვასთან ერთად საქართველო მიიღებდა ევროკავშირის პერსპექტივობის განცხადებას , - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ავლაბრის რეზიდენციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი თქმით, ეს მომავალში აჩენდა პოტენციურ შესაძლებლობას, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი გამხდარიყო, რაც პრეზიდენტის შეფასებით, "არის ნამდვილი გეოპოლიტიკური გადატრიალება საქართველოსთვის და მთელი ეს რეფორმირებული ქვეყანა მოგვეთავსებინა უსაფრთხო გარემოში".

"ჩვენ გვქონდა რეალისტური შანსი, 2014 წელს მოვხვედრილიყავით და გვაქვს ჯერ კიდევ, ნატო-ს გაფართოების შემდეგ ტალღაზე. თუ ჩვენ ამ მატარებლებიდან ჩამოგვსვეს, ჩვენი ერთადერთი მომკითხავი ამ დაცარიელებულ პლატფორმაზე, რაც არ უნდა დეკლარაციები ვაკეთოთ, რაც არ უნდა ელჩები და დელეგაციები გავაგზავნოთ, ერთადერთ ჩვენი მომკითხავი ჩვენი ქვეყნის ბოლო საუკუნეების დამპყრობელი, გამანადგურებელი და მიწასთან გამსწორებლები იქნებიან. ამდენი წ ელი ვაშენებდით საქართველოს ევროპულ მომავალს. რასაც ახლა ვისმენ, ამ რიტორიკით, ამ ყველაფერს აქვს პოლიტიკური ფასი და ის დაგვედება ვალად, რომლის გადახდა ჩვენს შვილებს მოუწევთ", - აღნიშნა სააკაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს 90-იან წლებში ჰქონდა შანსი ბალტიის ქვეყნებთან ერთად "ჩამჯდარიყო იმ მატარებელში, რომელიც მიგვიყვანდა ევროკავშირსა და ნატო-ში".

"მაშინ ვიყავით ჩათრეული სამოქალაქო ომში, კორუფციაში, წყვდიადში და მატარებელი გავიდა ჩვენს გარეშე, საქართველო კი დარჩა იმ პლატფორმაზე, სადაც იყო. ახლა გაჩნდა შანსი – გადის ახალი მატარებელი. ერთში სხედან ნატო-ს ასპირანტი ქვეყნები და საქართველოს აქვს მასზე ბილეთი აღებული, მეორე მატარებელი კი გადის ევროკავშირისკენ და აქაც ჩვენ მოლდოვასთან ერთად გვაქვს ბილეთი, მაგრამ თუ გავაგრძელებთ ამ გზით სიარულს, თუ ჩვენ საქართველოში მოვინდომეთ უახლოეს თვეებში პოლიტიკური ოპოზიციის განადგურება, თუ ვიარეთ არასწორი - შურისძიების გზით, ჩვენ ამ ბილეთებსაც გაგვიუქმებენ და ეს ორივე მატარებელი გავა ისევ საქართველოს გარეშე",-დასძინა სააკაშვილმა.