მიხეილ სააკაშვილი – სიტყვა ამნისტია

მიხეილ სააკაშვილი – სიტყვა ამნისტია "ნაციონალური მოძრაობის" და ყოფილი მთავრობის აპარატისთვის შეურაცხმყოფელია

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მმართველ გუნდსა და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მიზეზი მისი გუნდის მიერ პოლიტიკური ამნისტიის მოთხოვნა არ ყოფილა.

როგორც სააკაშვილმა ავლაბრის რეზიდენციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სიტყვა "ამნისტია" მისი გუნდისთვის შეურაცხმყოფელია.

"პარლამენტის მოქმედი და ყოფილი თავმჯდომარეების - ორი დავითის მოლაპარაკებები ძირითადში მიდიოდა კონსტრუქციულად, ჩვენი ძირითადი ხედვა ერთმანეთს ემთხვეოდა და გვსურდა ეს ყველაფერი მისულიყო შეთანხმებამდე. გაისმა მოსაზრება, რომ მე, პრეზიდენტი და "ნაციონალური მოძრაობა" ვითხოვდით ხელშეუხებლობის გარანტიას. მინდა ყველას შევახსენო – ვლადიმერ პუტინმა მთელი მსოფლიოს თვალწინ საჯაროდ გამომიტანა სასიკვდილო განაჩენი, მაგრამ არ შემშინებია. ამის შემდეგ ლაპარაკი იმაზე, რომ მე მეშინია ადგილობრივი, წვრილმანი შანტაჟისტების, მაშინ, როცა არ შემეშინდა ბევრად სერიოზული სუბიექტის მიერ გამოტანილი სასიკვდილო განაჩენის, უხერხული და სასაცილოა. ჩვენი მსაჯულია ქართველი ხალხი, საქართველოს ისტორია და არა რომელიმე პროკურორი ან გამომძიებელი, რომელიც დღესაა. ასევე, სრულიად არ მივიღებ იმ განცხადებას, რომ ჩვენ ვითხოვთ პოლიტიკურ ამნისტიას. სიტყვა ამნისტია "ნაციონალური მოძრაობის" და ყოფილი მთავრობის მრავალრიცხოვანი აპარატისთვის მიუღებელი და შეურაცხმყოფელია", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე განმარტებით, ხალხი, რომლის დევნასაც მოქმედი ხელისუფლება აპირებს, ქართული სახელმწიფოს შექმნისთვის მადლობას იმსახურებს. "ეს ხალხი იმსახურებს მხოლოდ მადლობას, რადგან შევქმენით თანამედროვე სახელმწიფო. ერთადერთი, რასაც ჩვენ ვამბობთ, არის ის, რომ შეწყდეს მასშტაბური პოლიტიკური დევნა ათობით ათასი ადამიანის, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში უანგაროდ ემსახურებოდა ქართული სახელმწიფოს შექმნას. ესაა მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ დიალოგი გაგრძელდეს", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
გარდა ამისა, ქვეყნის პირველი პირის შეფასებით, ხელისუფლების იდეა, რომ დანაშაულში შემჩნეულ ყოფილი თანამდებობის პირებს 5 წლით საჯარო უწყებებში დასაქმება აეკრძალოთ, "ოპოზიციის კლასის განადგურების მცდელობას" ნიშნავს.

"იმას, რომ ოპოზიციის წევრებს 5 წლის განმავლობაში აეკრძალოთ თანამდებობებზე ყოფნა, უდის დაკავების ელფერი, უდის ოპოზიციის კლასის განადგურების მცდელობის ელფერი", - დასძინა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ ქვეყანაში სტაბილურობის შექმნა სურს და მის ინტერესებში მოქმედი მთავრობის მუშაობის შეფერხება არ შედის.