პარლამენტში ჯერ ვერ შეთანხმდნენ, შეეძლებათ თუ არა სხდომაზე მუზარადითა და აბჯრით მისვლა

პარლამენტში ჯერ ვერ შეთანხმდნენ, შეეძლებათ თუ არა სხდომაზე მუზარადითა და აბჯრით მისვლა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს დეპუტატთა ჩაცმულობის წესის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის ბიძინა გუჯაბიძის საკანონმდებლო ინიციატივაზე იმსჯელეს. 

სხდომაზე დეპუტატები დაინტერესდნენ, რა იგულისხმებოდა დეპუტატი ეროვნულ ტანისამოსში და მიეცემოდათ თუ არა სხვა ეროვნების დეპუტატებს, საკუთარი ეროვნული ტანისამოსის ჩაცმის უფლება და საშუალება.

დეპუტატმა ხათუნა გოგორიშვილმა იკითხა, გუჯაბიძის ინიციატივით ექნება თუ არა მას საშუალება, პარლამენტში უკრაინული კაბით გამოცხადდეს ან რომელიმე დეპუტატი საკანონმდებლო ორგანოში მუზარადით და აბჯრით მივიდეს. ასევე, ხუმრობით იკითხა უმრავლესობის წევრმა ზურაბ ტყემალაძემ, რომ შეეძლო თუ არა ზეწრის მოხვევა და პარლამენტში ინდური ეროვნული ტანისამოსით მისვლა. 

სხდომაზე ხათუნა გოგორიშვილმა დააკონკრეტა - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ განსაზღვრულია, რომ საპროტოკოლო-საქმიან ჩაცმულობაში ეროვნულიც იგულისხმება.
კომიტეტის სხდომაზე გუჯაბიძის ინიციატივას პრინციპების დონეზე მხარი დაუჭირეს, თუმცა დეპუტატი კანონპროქტში ფორმულირებას დააზუსტებს.

პარლამენტის სხდომათა დარბაზში მყოფ პირთა ჩაცმულობას რეგლამენტი განსაზღვრავს, რომელიც ადგენს, რომ ეს საპროტოკოლო-საქმიანი უნდა იყოს. დეპუტატ ბიძინა გუჯაბიძის საკანონმდებლო ინიციატივით კი, რეგლამენტი იმასაც დაადგენს, რომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში ყოფნა არა მხოლოდ საპროტოკოლო-საქმიანი ჩაცმულობით, არამედ ეროვნული ტანსაცმლითაც იქნება ნებადართული.

უნდა აღინიშნოს, რომ იმის მიუხედავად, რომ პარლამენტში ჩოხით მისვლას რეგლამენტი ჯერ არ ითვალისწინებს, "კონსერვატორები" პირველ ან საზეიმო სხდომებზე ყოველთვის ეროვნულ ტანსაცმელში მიდიან. კანონპროექტის ავტორის განმარტებით, ცვლილებების მომზადების მიზანი ეროვნული და კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენა-პოპულარიზაციაა.