არასამთავრობოები წამების მსხვერპლ პატიმრებსა და მათ ოჯახებს მიმართავენ

არასამთავრობოები წამების მსხვერპლ პატიმრებსა და მათ ოჯახებს მიმართავენ

არასამთავრობო ორგანიზაციები წამების მსხვერპლ პატიმრებს, მათ ოჯახებსა და პრობაციონერებს შელახული უფლებებისა და ღირსების აღსადგენად აქტიური ქმედებებისკენ მოუწოდებენ. 

როგორც ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საზოგადოებაში სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების ობიექტური გამოძიების მოლოდინი გაჩნდა, რომელსაც ხელისუფლების მტკიცე დაპირებები ამყარებდა.

"მიუხედავად ამისა, საზოგადოებისათვის ჯერაც უცნობი რჩება როგორც გამოძიების მიმდინარეობის ინტენსიურობა, ასევე მისი შედეგობრივი მაჩვენებლები. შესაბამისად, 2013 წლის 4 თებერვალს, არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააკეთეს განცხადება, რომლითაც მოითხოვეს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოვლენისა და ეფექტური გამოძიებისათვის კონკრეტული და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. ამჯერად მივმართავთ ნაწამებ პატიმრებს, ყოფილ პატიმრებს, პრობაციონერებსა და მათი ოჯახების წევრებს და მოვუწოდებ, თავადაც დაიწყონ აქტიური მოქმედება შელახული უფლებებისა და ღირსების აღსადგენად. წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტური გამოძიებისათვის უმნიშვნელოვანესია ძალადობის კვალის დროული დოკუმენტირება. მიუხედავად იმისა, რომ საგამოძიებო ორგანოების მხრიდან წამების ფაქტების გამოძიების პროცესში უნდა მოხდეს წამების დოკუმენტირება, დროთა განმავლობაში წამებისა და ძალადობის კვალი მცირდება და ქრება. შესაბამისად, მომავალში მით უფრო გართულდება წამების ფაქტების დოკუმენტურად დადასტურება", - ნათქვამია განცხადებაში.

ამიტომ, არასამთავრობოები ყოფილ პატიმრებს მიმართავენ, თავად მიმართონ დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზას, ფსიქოლოგიურ და სამედიცინო პროფილის დაწესებულებებს, რათა დროულად მოხდეს წამებისა და ძალადობის ჯერ კიდევ არსებული ნიშნებისა და კვალის დოკუმენტურად დაფიქსირება.

"გვესმის, რომ ამგვარი სერვისი ფასიანია და გარკვეულ ფინანსურ დანახარჯს მოითხოვს, მაგრამ წამებას დაქვემდებარებული ადამიანებისათვის ეს მომავალში შეიძლება გახდეს სამართლებრივი და სამედიცინო რეაბილიტაციისა და მატერიალური კომპენსაციის მოთხოვნის კანონიერი საფუძველი. ჩვენ გამოვთქვამთ მზაობას, ამა თუ იმ ფორმით აღმოგიჩინოთ დახმარება და ხელი შევუწყოთ პრობლემის სამართლიან გადაწყვეტას", - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში, ციხის საერთაშორისო რეფორმა, ახალგაზრდები სამართლიანობისთვის, კოალიცია სამოქალაქო განვითარებისთვის, საზოგადოებრივი დამცველი და კონსტიტუციის 42–ე მუხლი.