ადვოკატის ცნობით, ბაჩო ახალაიას საქმეზე გაგა მკურნალიძემ ჩვენება შეცვალა

ადვოკატის ცნობით, ბაჩო ახალაიას საქმეზე გაგა მკურნალიძემ ჩვენება შეცვალა

ადვოკატები თავდაცვის ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლას მოითხოვენ.

როგორც ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართული პროცესის შემდეგ ახალაიას ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა განუცხადა, მოქალაქე ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების აღკვეთის ეპიზოდში მთავარმა მოწმემ, გაგა მკურნალიძემ ჩვენება შეცვალა, რაც იძლევა საფუძველს, რომ ბაჩო ახალაიას პატიმრობა აღკვეთის სხვა ღონისძიებით შეეცვალოს.
კერძოდ, როგორც ადვოკატმა განმარტა, გაგა მკურნალიძე, რომელიც პროკურატურის ჩვენებაში აღიარებს ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების აღკვეთას ბაჩო ახალაიასა და მასთან ერთად ბრალდებულების მხრიდან, დღევანდელ პროცესზე ჩვენება ეცვალა.

"გაგა მკურნალიძემ თქვა, რომ ბრალდებას არ აღიარებს, ეს კი იძლევა საფუძველს, რომ ჩვენ დავაყენოთ ბაჩო ახალაიასთვის აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობა. გაგა მკურნალიძე იყო ერთადერთი მოწმე ბრალდების ამ ეპიზოდში და მისი ჩვენების გარდა, საქმეში აღარაფერი რჩება, ისევე როგორც, სენაკის ეპიზოდში ბაჩო ახალაიას ბრალეულობას ვერც ერთი მოწმის ჩვენება ვერ ადასტურებს", - განაცხადა მალხაზ ველიჯანაშვილმა.

მისი ინფორმაციით, მომავალ პროცესზე, რომელიც 28 თებერვალს არის ჩანიშნული, წინასასამართლო სხდომაზე დაცვის მხარე წარმოადგენს 70-მდე მოწმეს.

გაგა მკურნალიძის მხრიდან ჩვენების შეცვლის შესახებ კომენტარი გააკეთა "თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის" წარმომადგენელმა გიორგი ონიანმა.
მისი თქმით, მკურნალიძის მხრიდან დღეს ბრალის არაღიარება ნიშნავს, რომ პირველი ჩვენება მისცა ზეწოლის შედეგად.

"დღეს ეს ადამიანი მზად არის, ითანამშრომლოს პროკურატურასთან და მისცეს რეალური ჩვენება. გაგა მკურნალიძემ დღეს დაადასტურა, რომ ზვიად აბესაძის გატაცების ფაქტს ადგილი არ ჰქონია. დღევანდელ პროცესზე ჩვენება შეცვალა, რაც ნიშნავს, რომ ჩვენება მიაცემინეს ზეწოლის შედეგად", - განაცხადა გიორგი ონიანმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გამართულ პროცესზე, ბაჩო ახალაიას, გიგი კალანდაძისა და ზურაბ შამათავას, ასევე მათთან ერთად ბრალდებული ხუთი პირის წინასასამართლო პროცესი 28 თებერვლისთვის გადაიდო.