ნოდარ ხადურმა ინდური კომპანიის წარმომადგენლებს საინვესტიციო გარემოზე ინფორმაცია მიაწოდა

ნოდარ ხადურმა ინდური კომპანიის წარმომადგენლებს საინვესტიციო გარემოზე ინფორმაცია მიაწოდა

ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა ინდური ტრანსნაციონალური კომპანიის, "ტატა გრუპის" წარმომადგენლებს ქართული საინვესტიციო გარემოს შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. 

დელეგაციასთან შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა სტუმრებს გააცნო სამინისტროში მიმდინარე რეფორმები, საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობა და ის ნაბიჯები, რომელსაც მთავრობა ინვესტორების საქმიანობის ხელშეწყობისა და წახალისებისთვის დგამს.

მხარეებმა განიხილეს ის სფეროები, სადაც ინდური მხარე დაინტერესებულია ინვესტირებით - სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა, ტურიზმი, გადამამუშავებელი მრეწველობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები.

"დღეს მივიღე შეკითხვები, რომლებიც ადასტურებს, რომ კომპანიის მხრიდან დაინტერესება არის ძალიან მაღალი. მათ აინტერესებთ ქვეყნის საინვესტიციო გარემო, საგადასახადო კანონმდებლობა, რეფორმები საჯარო ფინანსების სფეროში, საბანკო სექტორში არსებული მდგომარეობა. აღნიშნული კომპანია სერიოზულადაა დაინტერესებული საქართველოს ენერგოსექტორით, ამ სფეროში სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი ინვესტიციებით. მათთვის მნიშვნელოვანი იყო იმის გაგება, რომ საქართველოს ახალი მთავრობა არ აპირებს გადასახადების გაზრდას და გეგმავს ინვესტორებისთვის სტაბილ ური საინვესტიციო გარემოს შექმნას", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

კომპანია "ტატა გრუპის" დელეგაცია საქართველოში საინვესტიციო გარემოს გაცნობის მიზნით შეხვედრებს მთავრობისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან მართავს.