ვლადიმერ ბედუკაძის ადვოკატმა პროკურატურაში საჩივარი შეიტანა

ვლადიმერ ბედუკაძის ადვოკატმა პროკურატურაში საჩივარი შეიტანა

სასჯელაღსრულების მე-8 საპყრობილის ყოფილი თანამშრომლების - ვლადიმერ ბედუკაძის, ბორის ფარულავასა და ლევან ფხალაძის ადვოკატმა ელზა ჯმუხაძემ მთავარ პროკურატურაში ყოფილი მსჯავრდებულის, ვახტანგ ოქროპირიძის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა. 

ჯმუხაძის თქმით, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში ოქროპირიძის მიერ განხორციელდა ორგანიზებული ხასიათის დანაშაული, ცრუ დასმენა, რომლის მიზანიც ვლადიმერ ბედუკაძისა და მისი მეგობრების, ბორის ფარულავასა და ლევან ფხალაძის, იგივე "ბასტისა" და "ბუბუს" მძიმე დანაშაულში ცრუ ბრალდება და მათი დისკრედიტაცია იყო.

საჩივრის მიხედვით, ტელეკომპანის ეთერში გავიდა სიუჟეტი, სადაც ვინმე ვახტანგმა პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ 2012 წლის 21 თებერვალს ვლადიმერ ბედუკაძემ და მისმა მეგობრმა, "ბასტიმ" გააუპატიურეს ძალის გამოყენებით და ამას ესწრებოდა ასევე ვლადიმერ ბედუკაძის კიდევ ერთი მეგობარი "ბუბუ".

"ვახტანგ ოქროპირიძეს, პირადი დაინტერესებით გამოგონილი სიცრუის, გარდა ხელთ არ აქვს მტკიცებულება, რომლითაც უტყუარად დადასტურდება ბედუკაძისა და ფხალაძის მიერ მისი გაუპატიურების ფაქტი", - ნათქვამია საჩივარში.

ამასთან, ადვოკატი ელზა ჯმუხაძე პროკურატურისგან ითხოვს, დაიწყოს გამოძიება საჩივარში მითითებული ყველა ფაქტის შესწავლის მიზნით. ჯმუხაძის ინფორმაციით, ყოფილმა პატიმარმა ვახტანგ ოქროპირიძემ საქართველო უკვე დატოვა.

"მას უნდოდა, გაეკეთებინა პიარი, ლაფი დაესხა ვლადიმერ ბედუკაძისთვის. გაიქცა, რომ ჩაბარდეს რომელიმე ქვეყანას და გამოაცხადოს, რომ მის მიმართ არის დევნა", - განაცხადა ჯმუხაძემ.