დავით დარჩიაშვილი - კონსტრუქციულობის მცდელობას ფონად ზიზღის ენით საუბარი გასდევს

დავით დარჩიაშვილი - კონსტრუქციულობის მცდელობას ფონად ზიზღის ენით საუბარი გასდევს

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის, დავით დარჩიაშვილის აზრით, კონსტრუქციულობის მცდელობას ფონად ზიზღის ენით საუბარი გასდევს. 

"მიუხედავად იმისა, რომ ამ დღეებში თანამშრომლობის და კომპრომისების ძიების საუკეთესო ნიმუშები ვიხილეთ და ამ კუთხით უსუფაშვილის და ბაქრაძის შეხვედრები კარგი მაგალითია, ამ პროცესს მაინც გასდევს ზიზღის ენით საუბრის ფონი, რომელიც ხშირად გადაფარავს ხოლმე ყველაფერს, რაც კონსტრუქციულია. ამის ნიმუშია ბატონი კურტანაძის სტილით ლაპარაკი და ის, რაზეც ქალბატონი თეა წულუკიანი ამბობს, რომ გულში რაც გვიდევს, ყოველთვის საჯაროდ არ უნდა ვთქვათ, რითაც ის ადასტურებს - თვითონაც იგივე განცდები აქვს პოლიტიკური ოპონენტების მიმართ, რომელსაც ზიზღისა და განადგურების სურვილზე მეტს ვერ უწოდებს ადამიანი. ესაა ყველაზე მძიმე, რაც ხელს უშლის ყოველნაირ კონსტრუქტივიზმს", - განაცხადა დავით დარჩიაშვილმა პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

ამასთან, ოპოზიციონერმა დეპუტატმა ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ დაწყებულ ძიებებზეც ისაუბრა და ხელისუფლებას მოუწოდა, არა განწყობების მიხედვით, არამედ სამართლებრივი არგუმენტებით იმოქმედოს.

"მთავარი იარლიყი ხდება განწყობა და სამართლებრივ არგუმენტებს აზრი ეკარგება. მაინტერესებს, თუკი რომელიმე საქმესთან მიმართებაში სასამართლო გადაწყვეტს, რომ ძიების არგუმენტი იყო სუსტი და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს, უმრავლესობას ეყოფა თუ არა გამბედაობა თქვას, რომ ძიება ჩავარდა და ვერ დაამტკიცა რისი დამტკიცებაც უნდოდა. თუ ეყოფათ უმრავლესობის წევრებს გამბედაობა თქვან, რომ სასამართლო მართალი აღმოჩნდა. მიადევნეთ თვალი ბაჩო ახალაიას პროცესსაც, ოღონდ არა იმის მიხედვით, რა განწყობაა მის მიმართ. თუ ჩვენ სამართლებრივ საზოგადოებას ვაშენებთ, მაშინ სამართლებრივ არგუმენტებს უნდა მივაქციოთ ყურადღება და არა იმას, თუ რა განწყობები გვაქვს ერთმანეთის მიმართ", - აღნიშნა დარჩიაშვილმა.