პროკურატურა ირაკლი ფირცხალავას ადვოკატის გარეშე არ დაკითხავს

პროკურატურა ირაკლი ფირცხალავას ადვოკატის გარეშე არ დაკითხავს

პროკურატურა დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის ყოფილ უფროსს, ირაკლი ფირცხალავას ადვოკატის გარეშე არ დაკითხავს. 

ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ხათუნა პაიჭაძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ფირცხალავას პროკურატურაში 11.00 საათზე ელოდებოდნენ.

"თავდაპირველად ფირცხალავა ყურმილს არ იღებდა, შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მის ადვოკატს მალხაზ სალაყაიას არ ეცალა. იმის გამო, რომ ფირცხალავა უნდობლობას უცხადებს გამოძიებას, პროვოკაციის თავიდან აცილების მიზნით პროკურატურა მას ადვოკატის გარეშე არ დაკითხავს", - განაცხადა პაიჭაძემ.

ამასთან, "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ირაკლი ფირცხალავამ განაცხადა, რომ პროკურატურაში დასაკითხად მიდის და ადვოკატმა მალხაზ სალაყაიამ "უნდა მოიცალოს".
დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა, შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ირაკლი ფირცხალავამ ბუტა რობაქიძის საქმეზე პროკურატურას ვიდეომასალა გადასცა.

კადრები ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა გუშინვე გაავრცელა, სადაც, მათივე მტკიცებით, ჩანს, თუ რა მოხდა 2004 წლის 23 ნოემბერს დიდუბის ეკლესიასთან. კადრების მიხედვით, ამართალდამცავები შემთხვევის ადგილზე პოულობენ ავტომატ "კალაშნიკოვს" და პისტოლეტს.