ბიძინა ივანიშვილი - აუცილებლად მოვახერხებთ საქართველოს ეკონომიკის აღორძინებას

ბიძინა ივანიშვილი - აუცილებლად მოვახერხებთ საქართველოს ეკონომიკის აღორძინებას

ჩვენ აუცილებლად მოვახერხებთ საქართველოს ეკონომიკის აღორძინებას, რამეთუ ამაში გადამწყვეტი როლი ბიზნესმენთა მიერ განხორციელებულ ინვესტიციებს ეკუთვნის , - ამის შესახებ ბიზნესმენებთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი შეხვედრა პირველისგან ხარისხობრივად ძალიან განსხვავდებოდა.

"პირველი შეხვედრა ემოციური იყო. დღეს კი ემოციების ნაცვლად იყო მიზანმიმართული და საქმიანი შეკითხვები. პასუხებიც ვფიქრობ, ადეკვატური იყო და ჩანდა, რომ ბიზნესმა ხელისუფლების იდეოლოგია დაიჯერა. იგრძნობოდა დიდი ნდობა და ემოციებს თავდაჯერებულობა ჭარბობდა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

პრემიერის ინფორმაციით, უკვე დაიგეგმა ბიზნესმენებთან შემდეგი შეხვედრაც. ამავდროულად, ერთკვირიანი ვადა დაწესდა ბიზნესომბუდსმენის ფუნქციების დასაზუსტებლად. როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარიას ერთი კვირის განმავლობაში ექნება ურთიერთობა ბიზნესმენებთან, რის შემდეგაც გადაწყდება, თუ რა სახელი დაერქვას მის თანამდებობას და როგორც ჩამოყალიბდეს მისი საქმიანობა.

"მთავარი იდეა ის არის, რომ ბიზნესს ჰქონდეს მთავრობამდე და პირადად ჩემამდე ინფორმაციის მოკლე დროში მოტანის საშუალება. ბიზნესომბუდსმენის უკან იდგება ჯგუფი, რომელიც შემოსულ კითხვებს დაახარისხებს და უახლოეს დროში მოვახერხებთ ძალიან ახლო თანამშრომლობას ბიზნესმენებთან. ვერავინ მოახერხებს კერძო ბიზნესში ჩარევას. არ მოხდება ბიზნესების ახალი გადანაწილება და მთავრობის ვერც ერთი ჩინოვნიკი კანონის გარეშე ბიზნესის საქმიანობაში ვერ ჩაერევა", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ეს ფაქტი ბიზნესმენებმა ძალიან მოკლე დროში კარგად გააცნობიერეს, რაც მომავალში კიდევ უფრო საქმიან თანამშრომლობას ხელს შეუწყობს. პრემიერ-მინისტრი დღევანდელი შეხვედრით კმაყოფილია. მისი ინფორმაციით შეკითხვები დაისვა საინვესტიციო ფონდებზეც და საგადასახადო ორგანოების საქმიანობაზეც.

"ჩვენ აუცილებლად მოვახერხებთ საქართველოში ეკონომიკის აღორძინებას, რამეთუ ამაში გადამწყვეტი როლი ბიზნესმენებს და მათ მიერ განხორციელებულ ინვესტიციებს ეკუთვნით", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
საქართველოს პერმიერ-მინისტრის შეხვედრა ბიზნესმენებთან სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. შეხვედრას ამ სფეროს ორასზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა. შეხვედრაზე მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.