მაია ფანჯიკიძე და უმცირესობა შეთანხმდნენ, რომ შეხვედრა ღია იქნება

მაია ფანჯიკიძე და უმცირესობა შეთანხმდნენ, რომ შეხვედრა ღია იქნება

პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძის და უმცირესობის შეხვედრა დაიწყო. როგორც შეხვედრის დაწყებისას მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, ის ყოველთვის იყო დიალოგის მომხრე ყველა ფორმატში.
"ორჯერ ვერ მოვახერხე შეხვედრა, იმიტომ, რომ გადატვირთული გრაფიკი მქონდა. მეც მაქვს გარკვეული შეკითხვები, ზოგიერთი შესაძლოა, რიტორიკული ხასიათის იყოს, მე მგონი ამის უფლებაც მაქვს. იმედი მაქვს, რომ ეს შეხვედრა კონსტრუქციული იქნება",-განაცხადა ფანჯიკიძემ.

ამასთან, მაია ფანჯიკიძემ იკითხა, დღევანდელი შეხვედრა იქნებოდა ღია თუ დახურული, რადგან ამაზე გარკვეულწილად იქნება დამოკიდებული მისი პასუხები და შეკითხვებიც.

უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ შეახსენა, რომ მას ვალდებულება ჰქონდა კითხვეზე პასუხების გაცემის, რის საპასუხოდ მაია ფანჯიკიძემ აღნიშნა, რომ ეს რომ არ იცოდეს, არც მივიდოდა ამ შეხვედრაზე.
ბაქრაძის შენიშვნაზე კი, რომ ნუ გადავლენ კამათში, ფანჯიკიძემ დააზუსტა, რომ ეს არის ფორმატზე შეთანხმება და არა კამათი.

რაც შეეხება ფორმატს, ბაქრაძის განცხადებით, ზოგადად ასეთი შეხვედრები ღიაა, თუმცა თუ საგარეო საქმეთა მინისტრის სურვილი იქნებოდა, ეს შეხვედრა დაიხურებოდა.

როგორც მაია ფანჯიკიძემ განმარტა, ის ყოველთვის მომხრეა ფორმატის და შინაარსის დაცვის. "მე უბრალოდ ვთქვი, რომ ამაზე შეიძლება დამოკიდებული იყოს ჩემი პასუხები. თქვენც ძალიან კარგად გესმით, რომ საგარეო პოლიტიკაზე ვსაუბრობთ და შეიძლება არ იყოს სასურველი მთელი ქვეყნის გასაგონად საუბარი ამა თუ იმ თემაზე",-განაცხადა ფანჯიკიძემ.

როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, ასეთი შეხვედრის დახურულ ფორმატში ჩატარება უფრო მეტ ჭორებს იწვევს და იმ შემთხვევაში, თუ სენსიტიური საკითხების განხილვა დაიწყება, შეხვედრა ამის შემდეგ დახურულ ფორმატში გაგრძელდება.