რიჩარდ ნორლანდი თეა წულუკიანისა და გიორგი ვაშაძის კამათისას დარბაზის დატოვებაზე განმარტებას აკეთებს

რიჩარდ ნორლანდი თეა წულუკიანისა და გიორგი ვაშაძის კამათისას დარბაზის დატოვებაზე განმარტებას აკეთებს

საქართველოში აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი თეა წულუკიანისა და გიორგი ვაშაძის გუშინდელი კამათისას დარბაზის დატოვებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს და აღნიშნულს თარგმნის პრობლემას უკავშირებს.
როგორც ამერიკელმა დიპლომატმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, დარბაზიდან გასვლა წულუკიანსა და ვაშაძეს შორის მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირების გამო პროტესტის გამოხატვა არ ყოფილა.
"არა, ნამდვილად არა. მე მქონდა სხვა შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან და ამდენად, უნდა გავსულიყავი. ამასთან, ცოტა იმედგაცრუებული დავრჩი იმით, რომ თარჯიმანი დისკუსიის ინტენსიური ნაწილის თარგმნას ვერ ასწრებდა და ამის გამო, სრულად ვერ ვიგებდი, რა ხდებოდა", - აღნიშნა ნორლანდმა.

რაც შეეხება უშუალოდ არასამთავრობოებთან გუშინ გამართულ შეხვედრას, ამერიკელი დიპლომატის შეფასებით, ის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

"მიმაჩნია, რომ არასამთავრობო სექტორის გუშინდელი ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან მას, როგორც მთავრობის, ისე ოპოზიციის წევრებიც ესწრებოდნენ და ყველა მათგანი თანხმდება ისეთ მნიშვნელოვან პრინციპებზე, როგორებიცაა მშვიდობიანი დიალოგის აუცილებლობა, კანონის უზენაესობა, სამართლიანი მართლმსაჯულება და შერიგება", - აღნიშნა ამერიკელმა დიპლომატმა.