ილია მეორე - აფხაზეთი და ცხინვალი საქართველოს ღია ჭრილობაა

ილია მეორე - აფხაზეთი და ცხინვალი საქართველოს ღია ჭრილობაა

აფხაზეთი და ცხინვალი საქართველოს ღია ჭრილობაა, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სვეტიცხოვლის საპატრიარქო რეზიდენციაში გაერო-ს განვითარების პროგრამის ადმინისტრატორ ჰელენ კლარკთან შეხვედრისას ბრძანა. 

უწმინდესი გაერო-ს წარმომადგენელს საქართველოს უძველესი კულტურისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შესახებ ესაუბრა. პატრიარქმა აღნიშნა, რომ საქართველო საუკუნეების განმავლობაში იცავდა თავის კულტურას, ენას, მიწა-წყალს, დამოუკიდებლობას. უწმინდესის თქმით, საქართველო იმყოფება გარდამავალ პერიოდში და ხალხი იმედის თვალით უყურებს მომავალს.
"ჩვენი დიდი სურვილია, საქართველო გახდეს ევროპული სტრუქტურების ნაწილი, მჭიდრო კავშირი ჰქონდეს გაერო-სთან, ევროპის სტრუქტურებთან. ჩვენ იმედით ვუყურებთ თქვენს ვიზიტს და ვფიქრობთ, რომ ეს ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკურ-პოლიტიკურ განვითარებას. ჩვენთვის ძალიან მძიმეა ის ფაქტი, რომ არ არის აღდგენილი ტერიტორიული მთლიანობა. აფხაზეთი და ცხინვალი – ეს არის ღია ჭრილობა საქართველოსი. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ წართმეული ტერიტორიები კვლავ დაბრუნდება. როგორც აფხაზეთი, ასევე ცხინვალის რეგიონი არის ძირძველი ტერიტორია საქართველოსი", - ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შეხვედრაზე.

ასევე, უწმინდესმა ბრძანა, რომ 11 წლის განმავლობაში იყო აფხაზეთის მთავარეპისკოპოსი და შემდეგ აირჩიეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად. პატრიარქმა ასევე ბრძანა, რომ ბევრი ქართველი ახალგაზრდა სწავლობს დასავლეთში, ცდილობს მიიღოს ცოდნა, ეზიაროს ევროპულ კულტურას და გაეცნოს ევროპულ სტრუქტურებს. საქართველოს პატრიარქმა აღნიშნა, რომ ხუთი წლის განმავლობაში იყო მსოფლიო საეკლესიო საბჭოს თავმჯდომარე, რომლის ცენტრი შვეიცარიაშია.
თავის მხრივ, ჰელენ კლარკმა მიმართა პატრიარქს, რომ ის ქართველი ხალხის სულიერი ლიდერია. კლარკის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ შიდა დაპირსიპირებები დიალოგის გზით მოგვარდეს.
"ვაღიარებთ, რომ თქვენ ქართველი ხალხის სულიერი ლიდერი ხართ. მნიშვნელოვანია, რომ შიდა დაპირისპირებები დიალოგის გზით მოგვარდეს. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, თქვენ პოლიტიკურ პარტიებს ამისკენ მუწოდებთ. ჩვენ აღფრთოვანებული ვართ იმ წარმატებებით, რასაც ქართველი ხალხი ამ გარდამავალ პერიოდში აღწევს", - აღნიშნა ჰელენ კლარკმა.

მისივე თქმით, გუშინ იმყოფებოდა კახეთში და ქვეყანაში სოფლის მეურნეობის განვითარების დიდი პოტენციალი არსებობს. მან იმედი გამოთქვა, რომ პოლიტიკოსები ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე გადაიტანენ ყურადღებას, როგორიც სოფლის მეურნეობაა.

შეხვედრის მეორე ნაწილი დახურულ კარს მიღმა გაიმართა. შეხვედრის შემდეგ ჰელენ კლარკი სვეტიცხოველში მივიდა.